Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი მოზარდი იხდის სასჯელს


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალის ციხეში ორი ტირძნისელი მოსწავლის გარდა კიდევ ერთი მოზარდი - გიორგი არჩვაძე იმყოფება. გიორგის ახლობლების თქმით, იგი მე-6 თვეა დაკავებულია და მას 16 წელი ცხინვალის ციხეში შეუსრულდა. მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს - მას შიდა ქალის წნევა აწუხებს.

გიორგი არჩვაძე მიმდინარე წლის ივლისში "რუსმა მესაზღვრეებმა" ოკუპირებულ სოფელ ბელოთში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

არჩვაძეების ოჯახმა აგვისტოს ომის დროს დატოვა სოფელი ბელოთი. ამჟამად, ისინი შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. სოფელ ბელოთიდან გამოდევნის დროს გიორგის მამაც, თამაზ არჩვაძეც 27 დღის განმავლობაში დატყვევებული იყო. როგორც დაკავებულის ახლობლები ამბობენ, გიორგის სოფელი ენატრებოდა და ბელოთში წასვლა ამიტომ გადაწყვიტა. გიორგის მშობლები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

გიორგი არჩვაძის ოჯახის წევრებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ. სახალხო დამცველი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და მოუწოდებს დე ფაქტო მთავრობას, რომ მოზარდს დაკავების პერიოდში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მოექცნენ. ამასთანავე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გიორგი არჩვაძის გათავისუფლებისათვის საჭირო ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგას და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ერემაშვილმა მოზარდის გათავისუფლების საქმეში დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც სთხოვა.

ამჟამად ცხინვალის ციხეში სამი ფრონესხეობელისა და ექვსი ლამისყანელის გარდა კიდევ სამი მოზარდი იმყოფება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მოზარდების შეწყალების აქტს გამოსცემს. ამ დროისთვის უცნობია, მოხვდება თუ არა შეწყალებულთა სიაში გიორგი არჩვეძეც, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება აქვს წაყენებული.
XS
SM
MD
LG