Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა


ნუგზარ შამუგია, ქუთაისის ყოფილი მერი
ნუგზარ შამუგია, ქუთაისის ყოფილი მერი
ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ დღეს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.

გასულ კვირაში ქალაქში ჩამოსულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახისადმი უყურადღებობისა და ქუთაისში არსებული ანტისანიტარიის გამო გააკრიტიკა. ”არ შეიძლება ვისხდეთ ყელამდე ნაგავში, როგორც მართლა რაღაც ყველაზე ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყანა, და თავი მოგვქონდეს, რომ ვართ არგონავტების ქალაქი და ჩვენი ქუთაისი და ჩვენი ფაზისი... ალბათ, ქუთაისის სადღეგრძელოს სვამთ ყოველ საღამოს რესტორანში, ხო?!” - იკითხა 30 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ქუთაისს მოულოდნელად ესტუმრა.

მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. იმერეთის გუბერნატორი იტალიაში იმყოფებოდა.

ქუთაისის მერის ნუგზარ შამუგიას განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 8 დეკემბერს ქალაქის საკრებულო განიხილავს. მისი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ნუგზარ შამუგიას გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია, რადგან ამ თემაზე პირადად არ უსაუბრიათ. თავად ნუგზარ შამუგიას ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს. მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია მერის აპარატის უფროსის თენგიზ თოფურიძისთვისაც, რომელმაც დღეს მხოლოდ ის განაცხადა, რომ ნუგზარ შამუგიამ მერიის სამსახურების ხელმძღვანელები შეკრიბა, მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

ქუთაისის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა ვლადიმერ ნაკაშიძემ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის წარუმატებლობის გამო, ქალაქი მოწმე გახდებოდა საკადრო ცვლილების და ”ამაზე მიბმული წინასაარჩევნო პიარის, რომ თითქოს ამ პროგრამებს პერსონები გადაარჩენენ.”

წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისის მერის პოსტზე ნუგზარ შამუგიას იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გია თევდორაძე შეცვლის.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ქუთაისს რიგით მერვე მერი ეყოლება. ჯერჯერობით ყველაზე დიდი ხნით ეს პოსტი შეინარჩუნა სწორედ ნუგზარ შამუგიამ, რომელიც ქალაქის თავის მოვალეობას 2 წლის განმავლობაში ასრულებდა.

XS
SM
MD
LG