Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა პირობა დაარღვია


ერგნეთის ადმინისტრაციული საზღვარი
ერგნეთის ადმინისტრაციული საზღვარი
12 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს პირობა მისცა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ორ მოზარდს - ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს შეწყალებით გაათავისუფლებდა. პირობის მიხედვით, კოკოითის შეწყალების აქტი სასამართლოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღეში უნდა გამოეცა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე ქართველ მოზარდებს კიდევ სამი დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს. ეს ინფორმაცია ერგნეთში შეკრებილ ჟურნალისტებსა და დაკავებულების ოჯახების წევრებს შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიაწოდა.

ერგნეთში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია თორთლაძეც. მან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გააკრიტიკა. თორთლაძის აზრით, ჰამარბერგს 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კოკოითის ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღალი და რადიკალური განცხადებები უნდა გაეკეთებინა. დეპუტატი უახლოეს პერიოდში აპირებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოზარდების გასათავისუფლებლად აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდოს.

ერგნეთის საგუშაგოზე მოზარდების ნათესავები არასრულწლოვნების გათავისუფლებას დილიდან ელოდნენ და იმედიანად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ აღშფოთება ვერ დამალეს.

ბუჩუკურისა და ხმიადაშვილის ოჯახის წევრებმა ერგნეთის საგუშაგო იმ იმედით დატოვეს, რომ 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კომისარი არასრულწლოვნებს ცხინვალიდან თავად გამოიყვანს.

გაურკვეველი რჩება, კიდევ ერთი მოზარდის - გიორგი არჩვაძის საკითხი. ქართული მხარისთვის უცნობია, მოხვდება თუ არა არჩვაძე კოკოითის შესაწყალებელთა სიაში.

ოთხი ტირძნისელი მოზარდი ოსურმა მილიციამ 4 ნოემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და იარაღის გადატანის ბრალდებით დააკავა. ცხინვალში 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანებს გიორგი რომელაშვილსა და ალეკო ცაბაძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს. ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს კი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ კოლონიაში სასჯელის მოხდით. თომას ჰამარბერგმა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს პირობა ჩამოართვა, რომ ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს 10 დღეში გაათავისუფლებდა. ეს ვადა შაბათს ამოიწურა.

ქართული მხარე ტირძნისელი მოზარდების გარდა, საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი არჩვაძისა და კიდევ ცხრა ქართველის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ოსური მხარე კი, როგორც ცნობილია, ითხოვს ქართულ და ოსურ მხარეს დაკავებულთა გათავისუფლებას პრინციპით ყველა – ყველაზე. ცხინვალის მიერ შედგენილ სიაში აგვისტოს ომამდე ქართული მართლმსაჯულების მიერ გასამართლებული 40 ოსი ეროვნების მოქალაქე, მათ შორის გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულებიც შედიან.

XS
SM
MD
LG