Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაუბრუნდება ოჯახს საახალწლოდ


მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა 843 პატიმარი შეიწყალა. ბოლო შეწყალება გიორგობის დღესასწაულზე განხორციელდა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 156 პატიმრიდან, თავისუფლების აღკვეთის ადგილები 131-მა პატიმარმა დატოვა, დანარჩენთაგან ნაწილს სასჯელი გაუნახევრდა, ნაწილს კი პატიმრობის ვადა ერთი წლით შეუმცირდა. საახალწლოდ პატიმართა შეწყალების მორიგი აქტი მზადდება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ პრეზიდენტს კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე წერილით უკვე მიმართა. კანონის თანახმად, 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი, დანიშნავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შეწყალების კომისიის სხდომას.

თეორიულად არც ისაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტის შეწყალება კომისიის გვერდის ავლით განხორციელდეს, თუმცა ამგვარი პრეცედენტი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს არ ახსენდება:

”აქვს პრეზიდენტს უფლება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს პატიმრები. ჯერჯერობით ასეთი ფაქტი, რომ ცალკე ყოფილიყო რაღაცა შეწყალება, არ ყოფილა. მასალები პრეზიდენტთან ხელმოსაწერად სხვა უწყებებიდანაც მიდის. ამიტომ პრეზიდენტთან შედის სხვადასხვა უწყებებიდან შესული ერთიანი სია”, - ამბობს ელენე თევდორაძე და ამ დროისათვის ვერ ასახელებს იმ შესაწყალებელი პატიმრების რაოდენობას, რომელთაც პრეზიდენტთან შეწყალების კომისია გაუწევს რეკომენდაციას:

”ჩვენ 2009 წლის აუთვისებელი განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტის სახელზე შემოვიდა, დაგვრჩა აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. საერთო ჯამში, 2000-მდეა ასეთი განცხადება.”

დეკემბერში განცხადებების მიღება შეწყდა. როგორც ელენე თევდორაძე განმარტავს, შეწყალების კომისიის მიერ მომზადებულ სიაში, როგორც წესი, არ ხვდებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები. მაშინ როდესაც ჯერჯერობით უცნობია, მოიწვევს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიის სხდომას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის რიგგარეშე სხდომა სწორედ იმისთვის დანიშნა, რომ ახალი წლის საკუთარ ოჯახში შეხვედრის საშუალება მეტ მსჯავრდებულს მიეცეს.

”მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოვიყენო ჩემი დისკრეციული უფლება და მოვიწვიო რიგგარეშე პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის სხდომა. განიხილონ ეს საქმეები, პირველ რიგში, საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიიღონ გადაწყვეტილება და თუ ჩათვლიან, რომ სასჯელმა მიაღწია თავის მიზანს, ჩვენ ერთად მივცეთ ამ ადამიანებს მეორე შანსი. მივცეთ მათ შანსი, რომ შეხვდნენ ახალ წელს სახლში და მაქვს იმედი, რომ ისინი აღარასოდეს აღარ დაბრუნდებიან ჩვენს დაწესებულებებში.”

ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი განცხადება, რომელიც, ახალ თანამდებობაზე გადასვლამდე, დიმიტრი შაშკინმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის რანგში გააკეთა. მის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა კი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ 10 დეკემბერს გამართა. კომისიამ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გასამართლებული პირების საქმეები განიხილა. ამ მუხლებზე განხორციელებული ამნისტიის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო მსჯავრდებულ პირებს სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდათ. თავის მხრივ, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ 146 საქმე განიხილა.

”146 საქმიდან დადებითად იქნა გადაწყვეტილი 71 მსჯავრდებულის საქმე და საქმეები გადაეგზავნა სასამართლოს. ვიმედოვნებთ, რომ ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული წარმოება გადაწყდება დადებითად“, - ამბობს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კომისია იმ კატეგორიის მსჯავრდებულთა საქმეების გადახედვას, რომელთა გათავისუფლებაც საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნის, მორიგ, გეგმიურ, სხდომაზე დეკემბრის ბოლოს განაგრძობს. უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი ამნისტიის განხორციელებას გეგმავს ხელისუფლებაც. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 14 დეკემბერს ინიცირებულ იქნა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 362-ე მუხლებით, ასევე 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინეს. აღნიშნული დანაშაულები დაკავშირებულია 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებასთან.
XS
SM
MD
LG