Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ადიბასი”, ანუ ”ლხინი ჟამიანობის დროს” - წიგნი ომსა და სექსზე


ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანს, სახელწოდებით ”ადიბასი”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს, თბილისში უკვე უწოდეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რომანი. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არც ერთი საბრძოლო სცენა არ არის, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ფსევდონიმადაა წარმოდგენილი. წიგნის პრეზენტაცია თბილისში 17 დეკემბერს გაიმართა.

”ადიბასი” შავყდიანი წიგნია, ადიდასის ოქროსფერი ემბლემით გარეკანზე. ზაზა ბურჭულაძის წიგნებიდან ამავე ფერის იყოს სკანდალური ”წერილი დედას”. თეთრი წარწერა გვამცნობს, რომ ეს რომანი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე მოგვითხრობს, თუმცა როდესაც წიგნის კითხვას იწყებ, ომი თითქოს არსადაა, მხოლოდ ტელევიზორში, ფრაგმენტულად. რომანის გმირი პირველ პირში, ძირითადად, საკუთარი სექსუალური შეგრძნებების და თუნდაც აქტების ნატურალური აღწერით ერთობა. ის ხან ვაკის საცურაო აუზზეა და იქ შეკრებილ საზოგადოებას დასცინის, ხან თბილისურ გლამურზე შარდენის ქუჩიდან გვიყვება. დაცინვის დოზა მოულოდნელად მაშინ იზრდება, როცა შარდენზე სახინკლე ”ლურჯ ხავერდს” ხსნის.. ვინ არ არის ამ წიგნში - ტუჩებდაბერილი თბილისელი გოგონები, გეები, ნარკომანები, ”სექონდ ჰენდის” გამყიდველები, ბომჟები, ჟურნალისტები, უცხოელი დიპლომატები, პოლონეთის პრეზიდენტი… საქართველოს პრეზიდენტიც.

თხრობა - ხან სკაიპის ბეჭდური ვარიანტით, მოხორხოცე სმაილები, ”ხა-ხა-ხა”, ან ”უპსს”, ხანაც - ორიგინალური ასტროლოგური პროგნოზით. მანერა ხშირად იცვლება. გააჩნია, როგორ მიუდგები ამ წიგნს - ან იცინებ, ან, უბრალოდ, გაგეღიმება, ან გაღიზიანდები ზედმეტად ნატურალური პორნოგრაფიული ეპატაჟით, შეიძლება კიდეც გაბრაზდე. მოკლედ, მშვიდად ამ წიგნს ვერ კითხულობ... სანამ პირველი თავის კითხვას დაიწყებ, ავტორი სიტყვა „ადიბასის“ განმარტებას გთავაზობს: ყალბი ადიდასი - ზოგადად, სუროგატი, იმიტაცია, ფალსიფიცირებული რამ. რატომ? ზაზა ბურჭულაძის პასუხი ასეთია: ”გამოვიტანე სამზეოზე ის, რაც ისედაც კარგად ჩანს, ანუ ჩვენი ყოფა, ყოველდღიურობა, ის სინამდვილე, რაც იმალება, აი, ამ ფასადის მიღმა, რომელიც ძალიან აბრჭყვიალდა. გგონია მართლა ”ადიდასი” და რომ ჩააკვირდები, შეგრჩება ”ადიბასი” - ძალიან სუნიანი, ჩამყაყებული, სამწუხარო რეალობა.”

წიგნის წერა ზუსტად 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო: ”ზუსტად იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ თბილისზე მოდის რუსის არმია, დავჯექი და დავიწყე წერა, რადგან მივხვდი, რომ ამაზე ძლიერი სტიმულატორი მე არ მექნებოდა.”

ზაზა ბურჭულაძე
წიგნმა თავისი თავი დაწერა, ამბობს ზაზა, ავტორი კი მასალად გამოიყენა: ”რა თქმა უნდა, მე დიდი დოზით ვარ ამ წიგნში, დავცინი ჩემს თავს, პირველ რიგში. თვითირონია ისედაც არასოდეს მაკლდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც კრებითი სახე გამოვიდა ჩემი გმირი.”

თუ წიგნი ომზეა, რატომ არის ის ასე ფრაგმენტულად წარმოდგენილი მასში?

”ომი იყო ტელეეკრანიდან, რადიოდან, კომპიუტერის ეკრანიდან, ჰაერში, ყველას სამეტყველო აპარატში, მაგრამ ომი არ იყო სინამდვილე, ეს არ იყო თბილისური ომი, ომი იყო სადღაც და, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაიღუპა და საშინელება იყო, ეს არ იყო თბილისური ომი, ეს იყო ომი მედიაში, მედიაომი.”

რა ნიშნით არის სექსი ომის სინონიმი? რატომ ფიქრობს ავტორი ზაზა ბურჭულაძე, რომ სექსუალური თავისუფლების არარსებობა მორალური სიმახინჯის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ეს ტექსტშია.. სადაც ერთ-ერთ თბილისურ სადარბაზოსთან ასეთ სტენსილსაც წააყდებით:

”ჯანმრთელობის სამინისტრო გაფრთხილებთ, რეგულარული სექსი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის”. ზაზა კი ფიქრობს: ”მე მეცოტავება თბილისური სექსი, მართლა მეცოტავება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სექსუალური რევოლუცია თბილისში არა მარტო არ მომხდარა, კიდევ დიდხანს არ მოხდება, რაც სამწუხაროა ჩემთვის, იმიტომ რომ თავისუფალი სექსი ეს ნიშნავს თავისუფალ აზროვნებას - ჩემთვის.”

”ადიბასის ” დაბეჭდვაზე რამდენიმე გამომცემლობამ უარი თქვა. ბოლოს რომანი ბაკურ სულაკაურს გადაუგზავნა. პასუხი მალევე მიიღო - ვბეჭდავთო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ორი კრიტერიუმის მიხედვით იღებენ წიგნის დაბეჭდვის გადაწყვეტილებას: ”ან მე უნდა მომწონდეს პირადად, ან შეიძლება მაინცდამაინც არ მომწონდეს, მაგრამ ობიექტურად გარკვეული ლიტერატურული ღირსებები უნდა გააჩნდეს და რაღაცაზე დაბლა მწერლის ოსტატობა არ უნდა იყოს”, - გვეუბნება ბაკურ სულაკაური.

ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ ზაზა ბურჭულაძის ამ რომანის დაბეჭდვას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი: ”აბსოლუტურად სხვანაირად არის აღწერილი ომი - არა ისე, როგორც აღწერილია ხოლმე საერთოდ ომები ლიტერატურაში.”

მეორე მიზეზი ავტორის დახვეწილი ლიტერატურული ენა გახდა: ”ზაზა არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტილისტი ქართულ ლიტერატურაში.

მან მოახერხა ძალიან დახვეწილი ქართული ენით შეექმნა კოსმოპოლიტური ნაწარმოები.”

გამომცემლის ზოგადი შეფასება კი ასეთია: ”ძალიან ტრაგიკული წიგნია. და ეს ყველაფერი გარკვეული სევდითაა გადმოცემული და მიუხედავად იმისა, რომ მასში აღწერილი ამბები ირონიას იმსახურებს, იმდენად დიდი ტრაგიზმია ფონად - არა მხოლოდ ომი, არამედ ომის ფონზე ‘ლხინი ჟამიანობისას’.”

წიგნი ჯერ ბევრ ადამიანს არ წაუკითხავს, მისი პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე 17 დეკემბერს მოხდა. თუმცა ლიტერატურის გურმანებს შორის მაინც ვნახეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც „ადიბასის“ წაკითხვა უკვე მოასწრო. ერთ-ერთი მათგანია მწერალი ლაშა ბუღაძე: ”ზაზას წიგნებს რომ კითხულობ, ძალიან რთულია იპოვო ზუსტი რეაქცია შენში, რადგან ძალიან მრავალნაირია ხოლმე ეს რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში არის პროვოკაციული მომენტები, სერიოზული ნაღმებია ჩადებული, რაზეც შეიძლება აფეთქდე, რეალურად ეს არის ძალიან ტრაგიკული წიგნი.”

წიგნში ლაშა ბუღაძემ იპოვა ის ფობიები, რაც მასაც განუცდია აგვისტოს ომის დროს. ჩვენ რეალურად გვეგონა, რომ ვკვდებოდით, - ამბობს ლაშა. და მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვისას ბევრი იცინა, წიგნის დახურვის შემდეგ მისი საბოლოო რეაქცია ნამდვილად არ იყო სიცილი: ”რომანში არის საოცრად დიდი ძალით მოწოდებული ვნება, ოღონდ, მე ვიტყოდი, ვნება ვნების გარეშე, რაღაც გამოშიგნულ ვნებას დავარქმევდი. ომის ფონზე რაღაც დამთრგუნველი სექსუალობაა თითქოს წარმოდგენილი და, თითქოსდა, ეს ადამიანები ძალიან ცოცხლები არიან. წიგნი რომ დავხურე, გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მე წავიკითხე წიგნი მკვდრებზე. ამ წიგნში გადარჩენა შეუძლებელია ამ ადამიანებისთვის, ვინც აქ არიან.”

კიდევ ერთი ფაქტორი. ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანი შეფასდა როგორც ქართული ჩარჩოებისგან გათავისუფლებული პროზა. ეს წიგნი, შესაძლოა, გახდეს ერთგვარი ბიძგი, რომლის საშუალებითაც შეიძლება გაფართოვდეს ქართული ლიტერატურის სააზროვნო გეოგრაფია:

წიგნის პრეზენტაციაზე შევხვდით ზაზა ბურჭულაძის ისეთ მკითხველებსაც, ვინც მის ლიტერატურულ მოღვაწეობას ჯერ კიდევ მისი პირველი პროზაული ნაწარმოებებიდან - „სულთათანადან“, „სიმპსონებიდან“ ადევნებს თვალს. მათ ”ადიბასში” რაღაც დააკლდათ. დათო გაბუნია: ”ზაზა ბურჭულაძე არის ბრენდი და ამ წიგნში ის თავის თავზე, როგორც ბრენდზე, ხუმრობს, მაგრამ რაც არ მომეწონა, ის იყო, რომ მის მიმართ, როგორც მის ხანგრძლივ მკითხველს, მაქვს სულ უკმარისობის განცდა, რომ მე ვხედავ მისი, როგორც მწერლის, გაცილებით დიდ ნიჭს და ტალანტს, მაგრამ ნაკლებ რეალიზაციას ამისას. და ეს განსაკუთრებით ჩანს მის ბოლო რომანებში. ეს პორნოგრაფიული ეპატაჟიც არ მეჩვენება საოცარ ეპატაჟად, რაც ზაზას აქამდეც გაუკეთებია. ამიტომ მე ამ წიგნში ვერ დავინახე პრინციპული სიახლე მის შემოქმედებაში.”

თუმცა დათო გაბუნია იქვე ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს წიგნი არ უნდა წავიკითხოთო. პირიქით, ამ ტექსტით უნდა განვავრცოთ ლიტერატურის ქართული გაგება, პორნოგრაფიული ეპატაჟი აღარ აღიქმებოდეს სკანდალად, რადგან მსოფლიო ლიტერატურამ ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარა.

”ადიბასი” კი უკვე წიგნების მაღაზიებშია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG