Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალან ჯუსოევი ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს


ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. პირველად ის ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, მაგრამ რუსული საოკუპაციო სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელობისა და კოკოითის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ პოვა. ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის კამპანია მან უკვე მეორედ დაიწყო. მისი აზრით, საზღვარი ნახევარი წლის განმავლობაში მაინც მთლიანად უნდა ჩაიკეტოს, რათა დადგინდეს მოსახლეობისა და დევნილების ზუსტი რაოდენობა, რაც ბიუჯეტის განსაზღვრისა და სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებისთვის აუცილებელია. ჯუსოევის თქმით, ამჟამად მკვიდრი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ახალგორელების ნაწილი ერთდროულად წეროვანშიც ცხოვრობს და ახალგორშიც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ამჟამად წეროვანში მცხოვრები ახალგორელები დაბაში დაუბრკოლებლად შედიან და კოკოითის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პენსიას და ხელფასს იღებენ.

ერთადერთი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტი ამჟამად ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს, სადაც რუსული სასაზღვრო ნაწილი დგას. ამ პუნქტის გავლა საქართველოს მოქალაქის მოწმობით და ახალგორის რეგისტრაციით არის შესაძლებელი. დღეში 10-ზე მეტი მიკროავტობუსი მოძრაობს თბილისიდან ახალგორის მიმართულებით. ამ დროს ახალგორიდან ცხინვალის მიმართულებით, რთული და თითქმის გაუვალი გზის გამო, მიმოსვლა კვირაში მხოლოდ ორჯერ ხდება. ავტობუსი ცხინვალამდე ჩასვლას 6 საათზე მეტხანს ანდომებს, ზამთარში კი ეს გზა სრულიად გაუვალი ხდება ხოლმე. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა სავაჭროდ წასვლას თბილისში არჩევს. იმ შემთხვევაში, თუ ჯუსოევის ინიციატივა რეალობად იქცა და ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაიკეტა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობა აღმოჩნდება. ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ დაბაში საქმიანობას აგრძელებს. იგი ახალგორის დე ფაქტო გამგებელს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ თუ ჯუსოევმა საზღვარი ჩაკეტა, მაშინ ახალგორი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცლება.

ახალგორთან ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის მცდელობა ერთხელ უკვე იყო, მაგრამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერთ–ერთი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული მხარისგან მიიღო პირობა, რომ საზღვარი არ ჩაიკეტება. მაშინ ალან ჯუსოევის ინიციატივა ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე განუხორციელებელი დარჩა. ამჟამად იმავე ინიციატივით იგი კიდევ ერთხელ გამოდის.
XS
SM
MD
LG