Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებანი პირველ კავკასიურ არხზე


ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე (მარცხნივ) და პეტრე მამრაძე, პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე (მარცხნივ) და პეტრე მამრაძე, პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი
იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხი - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური არხი” - იწყებს მაუწყებლობას. ამ ბოლო ხანებში ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მწვავე შეფასებები და ვარაუდები გაისმის ახალი არხის გარშემო. ამასთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველის ოფისში, საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის ორგანიზებით, დისკუსია მოეწყო.

როდიდან დაიწყებს ახალი არხი მაუწყებლობას, რა დაფინანსების წყაროები არსებობს, როგორ გადაიცემა საეთერო მაუწყებლობა; რის ბაზაზე იქმნება ახალი არხი, ვინ იქნება არხის სამიზნე ჯგუფი, არის თუ არა რეალური აუცილებლობა იმისა, რომ ეს არხი შეიქმნას; გარდა რუსულისა, რა ენებზე იქნება მაუწყებლობა; ვინ იმუშავებს ამ არხზე - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 22 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დაუსვეს. შეხვედრის მიზეზი რუსულენოვანი ტელე-მაუწყებლობის - ”პირველი კავკასიური არხის” - გარშემო შექმნილი აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

შეხვედრაზე თითქოს ყველა კითხვას გაეცა პასუხი, თუმცა, როგორც დისკუსიის შემდეგ საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის თანათავმჯდომარე ქეთი ბოხუამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, შეხვედრის შემდეგ აღნიშნული საკითხის გარშემო კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანი გარემო შეიქმნა:

ქეთი ბოხუა, საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის თანათავმჯდომარე (მარჯვნივ)

”შემაშფოთა ბატონ ლევან გახელაძის სურვილმა, რომ ბევრ კითხვას აუქციოს გვერდი, ბევრ რაღაცაზე თვალი დაგვახუჭინოს და ეკლიანი ადგილები იოლად გადაფაროს”,- ამბობს ქეთევან ბოხუა.

ახალი ტელე-მაუწყებლობლის - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური” - დაწყება 2010 წლის იანვრიდან იგეგმება. საეთერო მაუწყებლობა სატელიტის საშუალებით განხორციელდება და მისი ხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატელიტური ანტენებისა და საკაბელო არხების მეშვეობით. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, ტელემაუწყებლობის სამიზნე ჯგუფს პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ყველა მოქალაქე წარმოადგენს. მისი თქმით, ტელე-მაუწყებლობის მიზანია მათ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შესახებ. აქცენტი გაკეთდება როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილო კავკასიაზე.”

ახალი ტელე-მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე იქმნება. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ლევან გახელაძის განცხადებით, ახალი ტელე-არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ისეთივე ორგანული ნაწილი იქნება, როგორიც პირველი და მეორე არხია. მისივე თქმით, ეს არ არის ძვირად ღირებული პროდუქტი და მისი სავარაუდო საბიუჯეტო პარამეტრი ყოველწლიურად 3 მილიონ ლარს შეადგენს.

ლევან გახელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალი ტელე-მაუწყებლობის აუდიტორიამ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიიღოს დამოუკიდებელი წყაროდან. საინფორმაციო გამოშვებების 60-70 პროცენტს შეადგენს საქართველოში მიმდინარე პროცესები, დანარჩენი დრო კი დაეთმობა როგორც მსოფლიოში, ასევე სამხრეთ და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე სიახლეებს.

მაუწყებლის ძირითადი ენა იქნება რუსული ენა, თუმცა იგეგმება, მაუწყებლობა განხორციელდეს კავკასიურ ენებზეც. ლევან გახელაძის განცხადებით, საინფორმაციო გამოშვებებზე იმუშავებენ როგორც ადგილობრივი კორესპონდენტები, ასევე კორესპონდენტები ჩრდილო კავკასიიდან და რუსული ჟურნალისტიკის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან ლევან გახელაძემ თავი შეიკავა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჩრდილოკავკასიელი კორესპონდენტები იმუშავებენ ანაზღაურების გარეშე.

ის ფაქტი, რომ ჟურმალისტები აღნიშული ტელე-არხისათვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ, დისკუსიის მონაწილეებმა არასერიოზულად აღიქვეს. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ახალი ტელე-არხის გარშემო მთელი დისკუსიის პერიოდში ტრიალებდა და რომელსაც, საბოლოო ჯამში, პასუხი ვერ გაეცა, ასე ჟღერდა (კითხვას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სვამს):

”მაგალითად, გადმოსცეს, რომ რუსეთმა რაღაც უბედურება დაატრიალა ჩეჩნეთში, რასაც, რა თქმა უნდა, რუსები მალავენ. თუკი საქართველომ ეს გაახმოვანა, რა სიკეთეს მოუტანს ეს საქართველოს?”

დისკუსიის მსვლელობისას არაერთმა მონაწილემ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტელე-არხი შესაძლებელია იქცეს რუსეთის ხელში იარაღად საქართველოს წინააღმდეგ. პარტია „სამართლიანი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე მამრაძე, აღნიშნულ არხთან დაკავშირებით ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატის ნააზრევს ახმოვანებს:

”როგორც ჩანს, თქვენს პრეზიდენტს მორიგი Crazy იდეა აქვს, დაშალოს რუსეთი. რუსეთში ამ არხს, როგორც მტრულ ნაბიჯს, ისე აღიქვამენ და ეს ჩვენს საზიანოდ შემობრუნდება”, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

„ალიანსი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, თვლის, რომ ამ პროცესის გარშემო აუცილებელია უფრო მეტი გამჭვირვალობის შექმნა, თუმცა, მისი განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მას კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა:

”არავინ არ არის კავკასიელი ხალხების დაახლოების წინააღმდეგი, მაგრამ როდესაც აქ პოლიტიკური საკითხები ჩაერთვება, ეს შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.”

მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, ახალი ტელე-მაუწყებლობის შექმნას იმედის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ ეს არხი კავკასიელებს ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას მისცემს:

”დროა, რომ დაიწყოს მუშაობა კავკასიელი ხალხების გაერთიანებისათვის. ეს ძვრა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ იქნება დიდი წინააღმდეგობები, თუ ეს არხი ძალიან დიპლომატიურად იმოქმედებს რუსეთის მიმართ, ის თუ მოემსახურება კავკასიელი ხალხების გაერთიანებას, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს კავკასიელი ხალხი საქართველოს იმედის თვალით უყურებს და, უნდა თუ არ უნდა, ეს მისია საქართველომ უნდა იკისროს.”
XS
SM
MD
LG