Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მოსკოვის წისქვილზე ასხამ წყალს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროვოკაციების არსი ის არის, რომ პროვოცირებას ისახავს მიზნად და, შესაბამისად, მათზე რეაგირება ზუსტად ისე, როგორც მისი ავტორები იმედოვნებენ, ხშირად წარმოადგენს ყველაზე უარეს არჩევანს იმათთვის, ვის წინააღმდეგაც ეს პროვოკაციებია მიმართული. იმას, ვინც პროვოკაციებს მიმართავს, ანიჭებს გამარჯვებას, რომელიც მას არ უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო იმას, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული, მიაყენებს მარცხს, რომელსაც ის არ იმსახურებს. მაგრამ ძალიან ხშირად ცდუნება, შევარდე მახეში, რომელიც პროვოკაციების ავტორებმა დაგიგეს, იმდენად დიდია, რომ ბევრი ვერ ახერხებს მისთვის თავის დაღწევას.

საქართველოში და, რასაკვირველია, უცხოეთშიც, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აბსურდული პროვოკაციებია მოსკოვის უშიშრობის ფედერალური სამსახურის განცხადებები, თითქოს თბილისი წვრთნიდეს, ან სხვა სახის მხარდაჭერას უწევდეს ისლამისტ და ნაციონალისტ ექსტრემისტებს ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგრამ საქართველოს დედაქალაქში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ნაკლები აცნობიერებს, რომ გაცილებით მეტი დატვირთვა ენიჭება მათს პასუხს, ვიდრე იმას, თუ რამდენად მისაღები იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ან საერთოდ მოჰყვება თუ არა მისი რეაქცია პოლიტიკური სიყალბის ამ ბოლო ნიმუშს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისაგან მომდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბევრი სხვა სახელმწიფოს ლიდერებზე ხშირად აძლევს თავს უფლებას, წამოეგოს პროვოკაციებზე, როგორც ჩანს, იმის რწმენით, რომ დრამატული განცხადებები და, ზოგ შემთხვევაში, გაზვიადება მას კარგ სამსახურს უწევს საზღვაგარეთაც და საკუთარ ქვეყანაშიც. საზღვარგარეთს რაც შეეხება, მას აშკარად ჰგონია, რომ მკვეთრი პასუხით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ტყუილებზე და ამით ზრდის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ხოლო შინ ის აშკარაა, ვარაუდობს, რომ რუსეთის მოქმედებაზე ყურადღების ასე გამახვილებას დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის გასაჩუმებლად და ამით საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად.

ორივე შემთხვევაში ის მხოლოდ ნახევრად არის მართალი. მართალია ის, რომ რუსეთის ბრალდებებზე პრეზიდენტ სააკაშვილის რეაქცია ხშირად იპყრობს მეტ ყურადღებას, ვიდრე თვით რუსული ორიგინალები, მაგრამ ის შესაძლოა სრულად ვერ აცნობიერებდეს, რომ სწორედ ამის იმედი აქვს რუსეთის მხარეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ განაგრძობს ასეთ ბრალდებებს და სააკაშვილის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და რუსეთის ჯარები არაფერს მოიქმედებენ, სააკაშვილი დასავლეთის თვალში აღმოჩნდება როლში, რომელშიც პატარა ბიჭი აღმოჩნდა, მეტისმეტად ხშირად რომ ყვიროდა „მგელიო“. როცა მგელი ბოლოს მართლა მოვიდა, ბიჭს უკვე აღარავინ დაუჯერა.

მართალია ისიც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სწორედ სჯერა: რუსეთისაგან მუქარის ხაზგასმა მას ოპოზიციის გაკონტროლებაში ეხმარება, რადგან ოპოზიციის დიდ უმრავლესობას ნამდვილად არ სურს, გახდეს ისეთი გამანადგურებელი კრიტიკის საგანი, როგორიც სააკაშვილისა და სააკაშვილის მომხრეებისაგან დაატყდებოდა, თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მის მოქმედებას. მაგრამ ამ ტაქტიკას, უმრავლეს შემთხვევაში რომ ამართლებდეს კიდეც, ორი უარყოფითი ეფექტი ახლავს. ერთი მხრივ, ის ძირს უთხრის ქართველთა შორის ნამდვილ ერთიანობას, რომლისკენაც პრეზიდენტი სააკაშვილი მიისწრაფვის შეთანხმების ყალბი იმიტაციის შექმნით. და მეორე მხრივ, ის ძირს უთხრის საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ზუსტად იმ ტიპის დებატის ჩახშობით, რომელიც დემკრატიული სისტემის არსს წარმოადგენს.

ყოველივე ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართველებმა, დაწყებული პრეზიდენტ სააკაშვილით და ქართული ოპოზიციის ლიდერებით და დამთავრებული რიგითი ქართველი მამაკაცებითა და ქალებით, უპასუხოდ უნდა დატოვონ ხოლმე რუსეთის ტყუილები, არამედ ეს ნიშნავს, რომ ყოველმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ეს პასუხი. თუ ზოგი ქართველი გააგრძელებს მკვეთრი განცხადებებით რეაგირებას, სხვები კი ხმას არ ამოიღებენ, ამით ისინი, უნდათ თუ არა ამის გაცნობიერება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მახეში გაებმებიან. მაგრამ თუ მიაგნებენ ხერხს ასეთი პროვოკაციების მათივე ავტორების წინააღმდეგ მისამართად, ეს მარტო არგებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის ინტერესებს.

როგორი უნდა იყოს ქართველების პასუხი? ბევრი კარგი მეთოდი არსებობს - ფართო განხილვისთვის იხილეთ პოლ ბლეკსტოკის კლასიკური ნაშრომი „ძირგამომთხრელი მუშაობის სტრატეგია“ - თუმცა სამი მათგანი ძალიან ადვილი მისახვედრია. პირველ რიგში, არც ერთი ქართველი არ უნდა ეხმარებოდეს მოსკოვს საქართველოზე ტყუილების გავრცელებაში. ეს გულისხმობს, რომ არ უნდა კეთდებოდეს ემოციური განცხადებები, როგორც კი რუსები რაღაცას იტყვიან. საქართველოს ლიდერებმა რომ დაახლოებით ასეთი რამ თქვან: „მოსკოვმა საქართველოს შესახებ მორიგი ტყუილი გაავრცელაო“ და ამას დასჯერდნენ, საქართველოსა და ქართველებისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა. დაზარალდებოდა მარტო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ბევრ ქართველს აღექვა ცუდ რამედ.

მეორე: ქართული ოპოზიციის არც ერთ წევრს არ უნდა ეშინოდეს აზრის გამოთქმისა იმის შესახებ, თუ რამდენად აბსურდულია რუსეთის ბრალდებები და არც იმის შესახებ, რომ არ არის თანახმა, როგორ რეაგირებენ მათზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ ოპოზიციონერებს ამის გაკეთების ეშინიათ, ისინი არ ემსახურებიან არც საკუთარ და არც საქართველოს ინტერესებს: ისინი ემსახურებიან თბილისში იმ ადამიანების ინტერესებს, ვისაც დემოკრატია არ სურს, ხოლო რუსეთში იმათსას, ვისაც არ სურს, რომ საქართველო დამოუკიდებლი იყოს.

და მესამე: ამ საკითხში რუსეთის ბრალდებების გახშირების გამო თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველებისთვის, როგორც მთავრობაში, ისე მის გარეთ, კარგი იქნებოდა, შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც განიხილავდა ამ ბრალდებებს.

ცხადია, მმართველ წრეებში ყოველთვის იარსებებს ცდუნება, რომ ოპონენტები გარე ძალების მხარდაჭერაში დაადანაშაულონ, განსაკუთრებით ისეთი ისტორიისა და ადგილმდებარეობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ საჭიროა ამ ცდუნებასთან ბრძოლა, რადგან ბრძოლაზე უარი ნიშნავს, რომ ქართველები, რაც უნდა დარწმუნებული იყვნენ, რომ ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ, მოსკოვის წისქვილზე დაასხამენ წყალს.

პოლ გობლი მრავალი წელია იკვლევს ყოფილ საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს. მის კომენტარში გამოთქმული შეხედულებები აუცილებელი არ არის, ასახავდეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პოზიციას.
XS
SM
MD
LG