Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი მკაცრდება


გალის ადმინისტრაციული საზღვრის საგუშაგო
გალის ადმინისტრაციული საზღვრის საგუშაგო

დღეს დილით აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსული ადამიანები ადმინიტრაციულ საზღვართან არსებულ აფხაზურ საგუშაგოსთან რამდენიმე საათით შეაყოვნეს. ამის მიზეზი, როგორც ისინი ამბობენ, სოხუმიდან ჩამოსული რევიზია გახდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა ადამიანებმა რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდზე ასევე განუცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახერხებენ. მათი თქმით, სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს აფხაზური ან რუსული საბჭოთა პასპორტი და 100 რუსული რუბლი, რომელსაც აფხაზ მესაზღვრეებს უხდიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებმა ჯერჯერობით არაფერი იციან იმ ახალი საშვების შესახებ, რომლის დაკანონებასაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გეგმავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ აცნობა. ის ირწმუნება, რომ ახალი საგუშაგოების ამოქმედების შემდეგ გალის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გამარტივდება, გადასახადი კი - ღვინჯიას თქმით, საკმაოდ მცირე იქნება. კერძოდ, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სპეციალური საშვები უნდა მიიღონ. გარკვეული დროით მოქმედი ფასიანი საშვები მოსახლეობამ ან გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში, ან უშუალოდ ე.წ. საზღვარზე განთავსებულ პუნქტებში უნდა მიიღონ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პასუხად სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა აცხადებს, რომ საშვები, რომლის დაკანონებასაც თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გაართულებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას, რადგან იქ რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე დიდი ხანია აფხაზი სამხედროები არ არიან განლაგებული და მას მხოლოდ რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რადიო თავისუფლების რესპოდენტებმა კი ენგურის ხიდის გადმოკვეთისას განაცხადეს, რომ საგუშაგოზე აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან და რუსი სამხედროები მათ არ უნახავთ.
XS
SM
MD
LG