Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული თავდასხმა სოფელ თაგილონში



ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ თაგილონში წუხელ, გვიან ღამით, თავს დაესხნენ ადგილობრივი მკვიდრის, გოგი შონიას, ოჯახს.

ქართული ტელეკომპანიების ცნობით, თავდამსხმელები რუსი სამხედროები იყვნენ. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობა. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მათთვის უცნობია, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები, თუმცა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ისინი რუსი სამხედროების ნდობით აღჭურვილნი ან მათი დახმარებით მოქმედი შეიარაღებული პირები იყვნენ, რომლებმაც ოჯახის დიასახლისი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მარჯვენა ფეხში დაჭრეს. ”ხუთი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი დაესხა თავს შონიების ოჯახს, თუმცა მეზობლების დახმარებით კრიმინალები გაიქცნენ, მაგრამ სროლების დროს დაიჭრა ოჯახის დიასახლისი გული შონია”, - ამბობს კილანავა.

ოკუპირებულ სოფელ თაგილონის მკვიდრის გული შონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ამბობს ზუგდიდის სამედიცინო ცენტრის ქირურგი ბადრი შონია, რომელმაც დაზარალებულს წუხელ ოპერაცია გაუკეთა. ”დაზარალებულს მეორე ოპერაცია დასჭირდება, რადგან ახლა ვერ მოხერხდა უცხო სხეულის ამოღება. მას მკურნალობა უტარდება და ის საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება”, - გვიხსნის ექიმი.

ოპერაციისა და სხვა სამედიცინო ხარჯებს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაზარალებულის ოჯახი გადაიხდის, რადგან აფხაზეთის დევნილ მთავრობას ასეთი შემთხვევებისთვის, რაც ხშირია კონფლიქტის ზონაში, თორნიკე კილანავას თქმით, თანხის გამოსაყოფად საკუთარი ფონდი არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG