Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს წეროვანში ”ეპატიჟებიან”


ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალგორელი მოხელეები მას აიძულებენ სამსახური ოკუპირებული რაიონიდან წეროვანში გადაიტანოს, სადაც ამჟამად ახალგორელების ნაწილი და ხელისუფლება იმყოფება. მეარაყიშვილის აზრით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ახალგორშია საჭირო იქ დარჩენილი ქართველი და ოსი ბავშვებისთვის.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერად ეუბნებიან, რომ მისი ახალგორში საქმიანობით ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაგრამ კონკრეტულ მუხლს ვერავინ უსახელებს. სასახლის დირექტორმა დახმარებისთვის პრეზიდენტსაც მიმართა, მაგრამ მისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე იურიდიულ მისამართს არ შეიცვლის და მისი რეგისტრაცია წეროვანში არ მოხდება, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაირღვევა. ყოჩიშვილის თქმით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია მეარაყიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელება, თუ მას ცენტრალური ხელისუფლება სპეციალურ ნებართვას მისცემს.

თამარ მეარაყიშვილმა დახმარებისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. ასოციაციის წარმომადგენლის ნინო ხაინდრავას განცხადებით, მეარაყიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ამიტომ, კანონის მიხედვით, მას სპეციალური თანხმობა სჭირდება და ამ თანხმობაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი არ უნდა თქვას.

ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დისლოკაციის ადგილი საკამათო თემად იქცა. ახალგორელების ნაწილი ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სამსახურების გამოტანა იქიდან მოსახლეობის წამოსვლასაც გამოიწვევს.

ამჟამად ახალგორში მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტია დარჩენილი, დიდი ნაწილი კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა ახალგორში პერიოდულად მაინც ჩადის ხოლმე.
XS
SM
MD
LG