Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში


სენატორი ჯონ მაკკეინი
სენატორი ჯონ მაკკეინი
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სენატორი ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად მყოფი სენატის ორი რესპუბლიკელი წევრი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერსა და მისიის ოფისთან შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. სენატორის ჩამოსვლამდე მედიასთან კომენტარი გერმანელმა დიპლომატმა ჰაბერმა გააკეთა და განაცხადა, რომ საუბარი შეეხება საქართველოში ევროკავშირის საველე მისიის წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგებს.

ჰანს იორგ ჰაბერი, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც საქართველოში არსებული სიტუაციისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება საკმაოდ დიდია. ჩვენ ამ ვიზიტს მივესალმებით. მისიას საკმაოდ კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან”, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისთან შეკრებილი აფხაზეთის საჯარო სკოლების მოზარდები, რომლებსაც ხელში შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშები ეჭირათ, სენატორს აფხაზეთში დაბრუნებას სთხოვენ, თუმცა არა პირადად, რადგან, დროის სიმცირის გამო, ამერიკელ სენატორს მოსწავლეებმა მხოლოდ ხელი ჩამოართვეს.

ამასობაში ევროკავშირის საველე მისიის ზუგდიდის ოფისში შეხვედრა დაიწყო. ჰანს იორგ ჰაბერთან შეხვედრა ზუსტად 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დეტალებზე კომენტარი მედიისთვის არც ამერიკელ სენატორს გაუკეთებია და არც გერმანელ დიპლომატს, თუმცა ჯონ მაკკეინის პოზიცია ბათუმიდან მასთან ერთად ჩამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ გაგვაცნო:

გიორგი ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე
”საქართველოს შეერთებული შტატებიდან ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა და ახლაც ასეა. ამის დასტური ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტია”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირის მისიის ზუგდიდის ოფისიდან ამერიკელმა სენატორებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ზუგდიდის ყოფილ რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდნენ. მოგვიანებით კი შეხვედრის დეტალები დევნილებმა რადიო თავისუფლებას გაუზიარეს.

”სენატორს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, რომ იქ მესამე ძალა, ანუ რუსეთი, არის ჩვენი გამყოფი ძალა. ეს არ არის კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის”, - ამბობენ დევნილები.

ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს კომენტარი არც ზუგდიდიდან გამგზავრებამდე გაუკეთებია. პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსულმა სენატორმა იქ შეკრებილებს ხელი დაუქნია და ექსკორტმა გეზი ბათუმისკენ აიღო.
XS
SM
MD
LG