Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედგაცრუება და უნდობლობა დასავლეთ უკრაინაში


ვინ გაიმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის მეორე ტურიც სამიოდე დღეში, 7 თებერვალს გაიმართება? მიმომხილველების აზრით, თუ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს წარმატების რაიმე შანსი აქვს, ეს მხოლოდ მაშინ, თუ მიემხრობიან ამომრჩევლები, რომლებიც მას ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ემხრობდნენ. არადა, ხალხი, რომელიც ხუთი წლის წინ ქუჩაში გავიდა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერების მხარდასაჭერად, დღეს იმედგაცრუებულია მათი უუნარობით, უკრაინა, დაპირებისამებრ, დასავლეთთან დაეახლოვებინათ. ასეთი შთაბეჭდილება რჩება რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების კორესპონდენტ გრეგორი ფაიფერს, რომელიც ამჟამად დასავლეთ უკრაინაში იმყოფება.

ლვოვს ჩვენი რეპორტიორი „ყველაზე ევროპულს“ უწოდებს იმ ქალაქებიდან, რომლებიც უკრაინაში უნახავს. მაგრამ თვალშისაცემია სიღარიბე, დასძენს ის. ლვოვის ბევრი მკვიდრი, მისი ინფორმაციით, დასავლეთში სამუშაოდ არის წასული, მათ შორის 16 წლის ოლეჰ ბოდნოვის დედაც. ის იტალიაში წავიდა, როცა შვილი სულ ოთხი წლის ჰყავდა. მას შემდეგ ოლეჰი ბებიასთან ცხოვრობს

„ბებია მეუბნებოდა, რომ ის უბრალოდ ქალაქში მიდის, რამდენიმე დღეში დაბრუნდება, მაგრამ მერე - როცა მთელი თვე აღარ გამოჩნდა, მივხვდი, რომ დედა არ დაბრუნდებოდა“, იხსენებ ოლეჰი. იხსენებს იმასაც, როგორ ენატრებოდა დედა, როგორ უჭირდა მის გარეშე, ტიროდა და „ისტერიკებს აწყობდა“.

დროთა განმავლობაში, ამბობს ოლეჰი, ის შეურიგდა აზრს, რომ დედა სხვაგან არის, მუშაობს, როგორც თვითონ ამბობს, ისევ ოლეჰის მომავალზე ზრუნავს. მაგრამ 13 წლის მარტა ჰორბახი ასე ვერ შეეგუა დედის სიშორეს. გოგონა ორი წლის იყო, როცა დედა ამერიკაში წავიდა: ინტერესს რასაკვირველია იჩენს და რაღაცეებს აგზავნისო, ამბობს გოგონა. მაგრამ აღიარებს, რომ დედასთან გულითად ურთიერთობას ვერ ამყარებს: „მასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო... არ იცის, მე რა მომწონს“.

ზოგი ემიგრანტი ამასობაში დაბრუნდა ლვოვში - მას შემდეგ, რაც უცხოეთში სამუშაო დაკარგა საფინანსო კრიზისის შედეგად. თუმცა, უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული ერთადერთი რეალური შემოსავალია ემიგრანტების ოჯახის წევრებისთვის უკრაინაში, რომლის მწვავე ეკონომიკური კრიზისი იმაშიც გამოიხატება, რომ სურსათის ფასები სამჯერ არის გაზრდილი.

გაჭირვებაზე არანაკლებ მწვავე პრობლემად მოიხსენიებს ჩვენი რეპორტიორი, გრიგორი ფაიფერი ეროვნული იდენტობისადმი უკრაინელების დამოკიდებულებას. ქვეყანაში, რომელიც გაყოფილია, უმეტესწილად, რუსულად მოლაპარაკე აღმოსავლეთსა და ევროპაზე ორიენტირებულ დასავლეთს შორის, დასავლეთის მკვიდრნი თავს უკრაინული იდენტობის დამცველებად, საერთოდ, შემნარჩუნებლებად მიჩნევენ.

„ეს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხია - მე ასე ვიტყოდი! ენა, ჩვენი ეროვნული გმირები...“, ამბობს ლვოვის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორის მოადგილე, ანა რუდიცკაია. მის სკოლაში ბავშვები პირველივე კლასიდან ეცნობიან ეროვნულ ტრადიციებს. არადა, არცთუ შორეულ წარსულში, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაპატიმრების საფრთხე გემუქრებოდა უკრაინული ეროვნული კულტურის პოპულარიზაციის მცდელობისას - საფრთხე, რომელიც ნაკლებად ადარდებდათ უმეტესწილად რუსულად მოლაპარაკე და საერთოდაც, რუსეთზე ორიენტირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში.

ამ დიქოტომიას დიდწილად განსაზღვრავს ისტორია. რუსულენოვანი აღმოსავლეთ უკრაინისაგან განსხვავებით, დასავლეთი უკრაინა დიდხანს ექვემდებარებოდა პოლონეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მმართველობას, ვიდრე ამ ტერიტორიაზე 1939 წელს წითელი არმია შეიჭრებოდა.

როგორ აისახება ისტორიული წარსული საპრეზიდენტო არჩევნებზე? ისევე როგორც ბევრი ლვოვში და, ზოგადად, დასავლეთ უკრაინაში, ბოჰდან ჰორეცკიც ამბობს, რომ კანდიდატ იულია ტიმოშენკოს მიემხრობა - ნარინჯისფერი რევოლუციის გმირს, რადგან ის ნაკლებ უბედურებად მიაჩნია, ვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩი - პრომოსკოვური ორიენტაციის პოლიტიკოსი, უწინარეს ყოვლისა აღმოსავლეთ უკრაინაში ფართო მხარდაჭერით.

ჰორეცკის აზრით, ტიმოშენკო ნაკლებად კორუმპირებული არ არის, ვიდრე იანუკოვიჩი, მაგრამ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სხვა არგუმენტებიც მეტყველებს: ის ახალგაზრდობაში ციხეში იჯდა და, სხვა თუ არაფერი, მის მიერ გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია: „ტიმოშენკო გვპირდება, მაგრამ არაფერს აკეთებს. იანუკოვიჩი კიდევ ... ნასამართლევი არ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური იყოს. შეუძლებელია, ეს ვინმეს არ ესმოდეს!“

ჩვენი რეპორტიორი არცთუ დამაიმედებელ სურათს გვიხატავს: დასავლეთ უკრაინაში ბევრი იმდენად იმედგაცრუებულია ორივე კანდიდატის მიმართ, რომ საერთოდ არ აპირებს კენჭისყრაზე წასვლას კვირას, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იულია ტიმოშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი.
XS
SM
MD
LG