Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაჩქარევი თუ დროული განათლების რეფორმა


განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის გაცნობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 5 თებერვალს აღნიშნულ სფეროში მომუშავე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგვიანებულია და ის მანამდე უნდა შემდგარიყო, სანამ ხელისუფლება განათლების ახალ რეფორმას წარუდგენდა ხალხს.

თუკი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში განათლების რეფორმის გარშემო ჩატარებული დისკუსიების, სამუშაო შეხვედრებისა და ბრიფინგების ქრონოლოგიას გადავხედავთ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს სწორედ განათლების რეფორმა იკავებს. ამ ერთი თვის განმავლობაში - ქვეყნის პრეზიდენტიდან დაწყებული, არასაპარლამენტო ოპოზიციით დამთავრებული - განათლების რეფორმაზე მსჯელობას ყველა ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს, აზრთა სხვადასხვაობა კი რეფომის ფორმასა და შინაარსზე საუბრისას ჩნდება.

ის, რომ ხელისუფლებამ განათლების სფეროში დაშვებული შეცდომები აღიარა, ეს ძალიან კარგია, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყეპია. თუმცა პრობლემას მიმდინარე რეფორმაში ის მაინც ხედავს და აცხადებს, რომ რეფორმის კურსი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეცვლილიყო:

“ვშიშობ, რომ შესაძლებელია ისევ არაერთი შეცდომის მოწმეები გავხდეთ. ნამდვილად ნაჩქარევი იყო მომავალი სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდების რაოდენობის ათამდე გაზრდა. სავარაუდოდ, ეს რეფორმა 2014 წლამდე არ უნდა განხორციელებულიყო. ჩვენ სკოლა ამისათვის ეტაპობრივად უნდა შეგვემზადებინა. ასევე აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის მიდგომა სამხედრო პატრიოტული სწავლებისადმი”, - აცხადებს ნაჭყეპია.

განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის ნააზრევის შედეგად რომ არ უნდა განხორციელდეს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს, ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნია. სწორედ ამიტომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს:

”ჩვენ ვთავაზობთ განათლების მინისტრს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო საკმაოდ გაფართოებული შემადგენლობით, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებია, სადაც თითოეული მონაწილის ნააზრევი იქნება გათვალისწინებული.”

მოსწავლე უნდა დაუბრუნდეს სკოლას - საქართველოს პრეზიდენტის ამ შინაარსის განცხადება გახდა მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ზოგადი განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები განხორციელებულიყო. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება კი მომავალი წლიდან 10 გამოსაშვები გამოცდის ჩაბარებაა. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გია მურღულია, აღნიშნულ სიახლეს მიესალმება და აცხადებს, რომ, ამის შედეგად, სკოლა იმ სტატუსსა და ფუნქციას დაიბრუნებს, რაც მას კანონით ეკუთვნის.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რეფორმის შინაარსი და დეტალები განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებთან ერთად განიხილოს და გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომლებსაც მათგან მოისმენს. მისივე თქმით, 5 თებერვალს აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ ამის დადასტურებაა:

”ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა შინაარსობრივი რეკომენდაცია და არგუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ჩართული რეფორმების განხორციელებაში, იმისათვის რომ ბოლომდე მივიყვანოთ წამოწყებული საქმე”, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

მინისტრის განცხადებით, განათლების კუთხით დაინტერესებულ სხვადასხვა პოლიტიკურ და არასამთავრობო წრეებთან მსგავსი შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
XS
SM
MD
LG