Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამწყვეტი ტურის წინ უკრაინაში პოლიტიკურმა სიჩუმემ დაისადგურა


ვინ გაიმარჯვებს - ვიქტორ იანუკოვიჩი თუ იულია ტიმოშენკო?
ვინ გაიმარჯვებს - ვიქტორ იანუკოვიჩი თუ იულია ტიმოშენკო?
7 თებერვალს უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და „რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი. პირველი ტურისაგან განსხვავებით, გამარჯვებული ამჯერად ხმათა უბრალო უმრავლესობით გამოვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებს შორის განსხვავება არცთუ ისე დიდია, ერთი რამ ცხადია: 7 თებერვლის შემდეგ უკრაინას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად 24 საათით ადრე უკრაინაში შეწყდა ყოველგვარი წინასაარჩევნო აგიტაცია. მერიის სამსახურებმა 5 თებერვლის ღამეს ჩამოხსნებს კიევის ქუჩებში განთავსებული პრეზიდენტობის
წინასაარჩევნო კამპანია დამთავრდა, ბანერები უნდა ჩამოიხსნას
კანდიდატების ვეებერთელა ბანერები, დაშალეს ტრიბუნები წმინდა სოფიისა და მიხეილის ტაძრების წინ, საიდანაც პარასკევს, ღამე, საკუთარ ამომრჩევლებს უკანასკნელად მიმართეს იულია ტიმოშენკომ და ვიქტორ იანუკოვიჩმა. ორივე კანდიდატის მთავარი მოწოდება იყო მობილიზება იმისათვის, რომ არ დაუშვან ხმების გაყალბება და არეულობები საარჩევნო უბნებზე. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც ძალაუფლებას მალე ზემოხსნებული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს გადააბარებს, 5 თებერვალს უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა და უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა: "მე გავალებთ, რომ სათანადოდ უზრუნველყოთ სიშვიდის დაცვა. ქვეყანამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმყოფება საიმედო ხელში, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ისე, განსაკუთებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის თვალსაზრისით“, თქვა იუშჩენკომ.

5 თებერვალს უკრაინის მედიით გავრცელდა ცნობა, თითქოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაცავად შინაგან ჯარის ნაწილები გაეგზავნათ. თუმცა, დღის განმავლობაში კომისიის წინ, შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი არ გამოჩენილა.

"პრეზიდენტის ბრძანებაში არ ყოფილა ნათქვამი, რომ კომისიის დაცვა განხორციელდეს შაბათს. ჩვენ მზად ვართ მორიგეობის დასაწყებად, თუკი ამის საჭიროება შეიქნა", - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის შინაგანი ჯარების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პავლოვსკაიამ. სამაგიეროდ, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ლესია უკრაინკას მოედანზე, ნომერ პირველი პოსტია ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე "რეგიონების პარტიის" აქტივისტებისათვის, რომლებსაც მჭიდრო ალყაში აქვთ მოქცეული შენობის პერიმეტრი. აქ ლურჯი ფერის ასამდე კარავია გაშლილი, სადაც დღე-ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი, ასევე ლურჯ კომბინეზონებში გამოწყობილი ახალგაზრდა აქტივისტები მორიგეობენ.
ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერთა კარვები ცესკოს შენობასთან

"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რათა არ დავუშვათ ხმების გაყალბება და ჩვენი გამარჯვების მოპარვა, როგორც ეს ხუთი წლის წინ მოხდა", - ამბობს ლურჯკომბინეზონიანი სერგეი, რომელიც არ მალავს, რომ კიევში დონეცკის ოლქიდან ჩამოვიდა.

ლურჯი ფერი „რეგიონების პარტიის“ ფერია. პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა არჩევნების პირველ ტურში, 17 იანვარს, ხმათა 35,5 პროცენტი მოაგროვა და ათი პროცენტით აჯობა თავის მთავარ მეტოქეს იულია ტიმოშენკოს.

ამ სხვაობის შესამცირებლად "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთმა ლიდერმა იულია ტიმოშენკომ წინასაარჩევნო ბრძოლაში ყველა ძალა ჩართო - გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა მესამე ადგილზე გასულ სერგეი ტიგიპკოს, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ტურის წინ "ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს". სულ ბოლოს, როგორც უკრაინის მედია იუწყება, იულია ტიმოშენკომ დახმარება სთხოვა "ზეციურ ძალებს". 5 თებერვალს, წმინდა სოფიის ათასწლოვანი ტაძრის წინ, თეთრ კაბასა და თეთრ პალტოში გამოწყობილი ტიმოშენკოს გვერდით იდგნენ და სამშობლოსთვის ლოცვას აღავლენდნენ უკრაინაში მოქმედი თითქმის ყველა ქრისტიანული ეკლესიის მამამთავრები, რომლებიც არ მალავდნენ საკუთარ სიმპათიებს.

"ყველამ უნდა ვილოცოთ, რათა ღმერთმა გააძლიეროს იულია ვლადიმიროვნა და კეთილი ნაყოფი მოგვცეს ყველაფერმა იმან, რასაც იგი აკეთებსო", - განაცხადა 5 თებერვალს სრულიად უკრაინის ავტოკოფელური მართლმამდიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მეთოდემ. სრულიად უკრაინისა და კიევის პატრიარქმა კი არჩევნები უკრაინაში შეადარა არჩევნებს სამოთხეში, "სადაც კეთილსა და ბოროტს შორის არჩევნების დროს, ბიბლიურმა მამებმა, ბოროტება აირჩიესო." თუმცა, ვინ იგულისხმა „კეთილსა“ და „ბოროტში“ პატრიარქმა ფილარეტმა, რომელსაც ასევე თბილი ურთიერთობა აქვს ვიქტორ იანუკოვიჩთან, ძნელი სათქმელია.
თეთრებში გამოწყობილი იულია ტიმოშენკო ქედს იხრის მხარდამჭერთა წინაშე

ისევე, როგორც რთულია იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდება უკრაინაში 7 თებერვალს, როდესაც 50-მილიონიანი ქვეყნის ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მივა საარჩევნო ყუთებთან, რათა საკუთარი ხმა შეაწიოს დაუსრულებელი არჩევნებითა და პოლიტიკური დაპირისპირებით დასუსტებული სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობას.

რა შეიცვლება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში?

ბუნებრივია, ჩვენთვის ინტერსმოკლებული არ არის, თუ როგორ განვითარდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდება.

"მინდა ყველა დავამშვიდო, ვინც შიშობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობა გაუარესდება", - ამბობს უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე. "ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და, როგორც კაბინეტის მეთაური, ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით უჭერდა მხარს საქართველოს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ორმხრივ სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროექტებს."

ძნელია, არ დაუჯერო საქართველოს სტაჟიან ელჩს, რომელიც კარგად იცნობს უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტრუქტურას. მით უმეტეს, როდესაც კიევის ბორისპოლის აეროდრომიდან დაწყებული და ვიდრე თავისუფლების მოედნამდე, უამრავ ადგილას აწყდები აფიშებს, რომელიც გამცნობენ ანსამბლ "სუხიშვილებისა" და კომპოზიტორ გია ყანჩელის მოახლოებულ კონცერტებს, ცენტრალური არხებით კი ხშირად უჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, სადაც მაყურებელს ეპატიჟებიან ქართულ რესტორან "ყაზბეგში" განუმეორებელი, როგორც წამყვანი ამბობს, ქართული ღვინოებისა და კერძების დასაგემოვნებლად.

მაგრამ რაღაც, ალბათ, მაინც შეიცვლება. ან უკვე შეიცვალა...

5 თებერვალს უკრაინის მედია იუწყებოდა, რომ კიევის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების მოწყობას ცდილობდა. ინფორმაციაში რატომღაც ხაზგასმულია ეჭვმიტანილის ქართული წარმომავლობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრაინის მოქალაქე ყოფილა.

კიევი დროშების ნაკლებობას არ უჩივის
ბორისპოლის აეროპორტში ჩემმა ქართულმა პასპორტმა მცირე დაბრკოლება მეც შემიქმნა. ერთსაათიანი ლოდინისა და საფუძვლიანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ახალგაზრდა უკრაინელ მესაზღვრეს ჩემი პასპორტი კიდევ ათი წუთით უფროსის კაბინეტში მიაქვს შესამოწმებლად. მახსოვს, "ნარინჯისფერი რევოლუციის" დღეებში, როდესაც სამსახურებრივი მივლინებით ხშირად ჩავდიოდი საქართველოდან, მესაზღვრეები ურიგოდაც კი მიშვებდნენ და სიხარულით მეუბნებოდნენ: აბა, თქვენ იცით, როგორ პატიოსნად გააშუქებთ ჩვენ „ნარინჯისფერ რევოლუციასო!“

ეს ენთუზიაზმი და რომანტიზმი აქ უკვე აშკარად აღარ არსებობს. უკრაინაში ამჯერად ერთმანეთს ებრძვიან თეთრ-ცისფერი და თეთრ-წითელი ფერები. პირველი ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიული დროშების ფერია, მეორე კი - იულია ტიმოშენკოსი. და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნარინჯისფერი პოლიტიკური მოძრაობა და მისი იდეალები ისტორიის კუთვნილებად იქცა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG