Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ახალმშენებლობის კიდევ ერთი ისტორია


ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ოთხსართულიანი შენობის დემონტაჟი საპატრულო პოლიციამ 2 დღის წინ შეაჩერა. შენობაში, რომელიც უცხოელ ინვესტორს წელიწად-ნახევრის წინ გადაეცა, მანამდე აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. დემონტაჟმა საფრთხე იქვე მცხოვრები ზოიძეების ორსართულიან სახლს შეუქმნა.

რადიო თავისუფლებას ოჯახის დიასახლისმა უამბო, რომ დემონტაჟისას სახლზე აგურები ცვიოდა, კიბე კი დამტვრეული სამშენებლო მასალით აივსო. საფრთხის გამო, აკაკი ზოიძის ოჯახმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ზოიძეების კერძო საკუთრება მდებარეობს უშუალო სიახლოვეს იმ შენობებთან, რომლებიც 2008 წლის ზაფხულში თურქულმა კომპანია ”ნუროლმა” შეიძინა - კერძოდ, პედაგოგთა დახელოვნების ყოფილი ინსტიტუტის შენობა, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, და ამავე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი.

საცხოვრებლის დემონტაჟი ამჟამად მიმდინარეობს, კულტურული ძეგლის სტატუსით წლების განმავლობაში არსებული შენობა კი უკვე დანგრეულია. ორივე მათგანი თურქ ინვესტორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 200 ათას დოლარად გადაეცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თავად თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა მაშინ რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ამ ტერიტორიაზე ”ნუროლი” სასტუმრო ”შერატონის” ადმინისტრაციულ შენობას ააშენებდა. ამასთან, ხელშეკრულება ინვესტორის მიერ არა კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევას, არამედ მის რესტავრაციას ითვალისწინებდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტში 2009 წლის ზაფხულში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თურქულ კომპანიას ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ შეთანხმება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გაეფორმებინა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა. მიზეზი უცნობია აჭარის კულტურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ეკა მაძღარაშვილისთვის. მან რადიო თავისუფლებას ზოგადად მხოლოდ ის აუხსნა, რომ კულტურულ ძეგლად მიჩნეულ შენობას სტატუსი ორ შემთხვევაში ეხსნება - თუ ის ძეგლის მახასიათებელ ნიშნებს კარგავს ან იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.

რა მიზეზით დაანგრია თურქულმა კომპანიამ შენობა, სამინისტროსთვის უცნობია. დღეს უკვე დანგრეული კულტურული ძეგლის და მის გვერდით არსებული ჯერჯერობით ნაწილობრივ დანგრეული შენობის ნაცვლად, სასტუმრო ”შერატონის” ადმინისტრაციული შენობის გარდა, 8 სართულიანი სასტუმროც აშენდება. დროებით შეჩერებული დემონტაჟით დაზარალებული ზოიძეების ოჯახი კი საკუთრებაზე უარის თქმას მხოლოდ კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებს.
XS
SM
MD
LG