Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას პროცესი დაიწყო


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას, სასამართლო პროცესი დაიწყო. ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და, პროტესტის ნიშნად, 25 დეკემბრიდან შიმშილობს.

ცოტნე გამსახურდია 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს, რაც მისი ადვოკატის, ქეთი ბექაურისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:

”გუშინ მოვინახულე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ 55-ე დღეა შიმშილობს, ის პერმანენტულად შიმშილობს 25 დეკემბრიდან მოყოლებული, ეს მეორე ეტაპია შიმშილობის აქციის, მისი მდგომარეობა მძიმეა თავისთავად, მაგრამ მან გამოთქვა სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.”

ცოტნე გამსახურდია ოქტომბერში სამართალდამცავებმა მეზობლის, დავით ბაჯელიძის, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ბრალდებით დააკავეს. მანამდე მას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს, უკვე ჰქონდა შეფარდებული არასაპატიმრო ღონისძიება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, რომელთა თანახმადაც, ცოტნე გამსახურდია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ამ უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმის გათვალისწინებით, პოლიტიკური წრეების ერთი ნაწილი ზვიად გამსახურდიას ვაჟს პოლიტპატიმრად განიხილავს. საპროტესტო მსვლელობაც, რომელიც 18 თებერვალს თბილისში უკანონო პატიმრების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა, ცოტნე გამსახურდიას სოლიდარობასაც ისახავდა მიზნად. პოლიტპატიმრების თემისადმი მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების შენარჩუნების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი აქცია მომავალ კვირას მთავარი პროკურატურის წინ გაიმართოს. 18 თებერვალს კი ამ ორგანიზაციებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დამატებით ეცნობათ იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც, კონსერვატორ კახა კუკავას შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ჰქონდა ადგილი. საქმე ეხება 27 ოქტომბრის ინციდენტის ამსახველ ფარულ ვიდეო-აუდიო მასალებს, რომლის გასაცნობადაც დაცვის მხარეს პროცესზე გამოცხადებული შესვენება დაეთმო.

” დღემდე ადვოკატისთვის ეს მასალები არ იყო ცნობილი. საქმის მასალები კი ბრალდებასთან ერთად უნდა გაეცნოს ადვოკატს. ეს არის უხეში დარღვევა კანონის, რომ ამისათვის ერთსაათიანი შუალედი გამოიყო მხოლოდ. მეორე უხეში დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს, არის ის, რომ არ არის წარმოდგენილი ცოტნე გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მან თავის ადვოკატს განუცხადა, რომ აქვს სურვილი დაესწროს სასამართლო სხდომას”, - ამბობს კახა კუკავა, რომელიც, სხვა ათობით ადამიანთან ერთად, ცოტნე გამსახურდიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას და მის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის ლოგიკა კი შემდეგია: ცოტნე გამსახურდია გამოძიებას არ დაემალება, რაც დასტურდება იმავე პრეცედენტით, რომელიც თავად მას ეკუთვნის. კერძოდ, 2007 წელს, მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იგი საქართველოში არ იმყოფებოდა და გამოძიების წინაშე წარდგომის მიზნით, თავისივე ნებით დაბრუნდა სამშობლოში. ცოტნე გამსახურდიას არა მარტო პერსონალურად, პარტიის საპარლამენტო ჯგუფის სახელითაც უდგება თავდებად ლეიბორისტული პარტია. სოსო შატბერაშვილმა ამის დამადასტურებელი განცხადება პირადად გადასცა ადვოკატს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ცოტნე გამსახურდია არის უდანაშაულო, ის არ ემალება გამოძიებას და ჩვენ ვითხოვთ მისი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას.”

პატიმრობის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების, უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლას ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე. აი, რა განუცხადა ამასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებს საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსმა ლევან მახარაშვილმა:

”აღნიშნული შეფარდების საფუძველი გახდა დანაშაულის სიმძიმე, ასევე სპეციფიკა აღნიშნული დანაშაულის, და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი საფრთხე ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი ღონისძიების შერჩევის შემთხვევაში, ვერ იქნებოდა აღკვეთილი. ”

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზვიად გამსახურდიას საფლავის გათხრა შეაჩერა
მთავარ პროკურატურაში აღარ აზუსტებენ, რა კონკრეტული საზოგადოებრივი საფრთხეა მოსალოდნელი ცოტნე გამსახურდიას თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მისმა პატიმრობამ 17 თებერვალს საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია ორგანიზებული, ბევრისთვის მიუღებელი და დაუჯერებელი ფორმით. ცოტნე გამსახურდიას დედამ, მანანა არჩვაძე გამსახურდიამ, მომხრეებთან ერთად, მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავის თვითნებური გათხრა სცადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის კოლხური კოშკის ეზოში გადასვენების მიზნით:

”ბრალეული პრეზიდენტი აქ ბრძანდება და ბრალეული შვილი იგივე მუხლით ზუსტად, ჯაშუშობის მუხლით, სამშობლოში ხელისუფლების დამხობის მუხლით. ხვალ არის მისი სასამართლო და ამას ზვიად გამსახურდია ამ მიწაზე უნდა შეესწროს. მე არ შემიძლია ეს ავიტანო.”

ეკლესიისა და სამართალდამცავთა ჩარევით, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა მეუღლის საფლავის გათხრა ვერ შეძლო. 18 თებერვალს კი ”მრგვალი მაგიდის” წევრებმა, ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს. სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ სულ 16 შუამდგომლობის დაყენება იგეგმებოდა. მათ შორის, დაისვა საკითხი ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანების, სასამართლო პროცესის საჯაროობისა და პროკურორის აცილების შესახებ.
XS
SM
MD
LG