Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცები აკონტროლებენ


აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს 1 მარტიდან რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული 4 გადასასვლელი - მათ შორის, ენგურის ცენტრალური ხიდი და შემოვლითი გზები - რიგითი მოქალაქეებისთვის დაკეტილია. ამასთან, ამ უწყების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ამბობს, რომ ე.წ. საზღვარზე აფხაზი მესაზღვრეების რუსი სამხედროებით ჩანაცვლება სერგეი ბაღაფშსა და დმიტრი მედვედევს შორის მოსკოვში 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგია.

ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი სამხედროების განთავსებასა და მოქალაქეთა მიმოსვლის შეზღუდვას ადასტურებენ ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.

ოტობაიელი ქალბატონი ჩვენთან საუბარში შენიშნავს, რომ ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცები, ე.წ. საზღვარს 1 მარტამდეც განსაკუთრებით აკონტროლებდნენ.

ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებულ საბერიოში, რომლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანთან არსებულ აფხაზურ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები უკვე ერთ წელზე მეტია იმყოფებიან. საბერიოელი რესპონდენტის თქმით, სოფელში ეფ-ეს-ბე-ს დამატებითი შემადგენლობა შევიდა.

საბერიოდან მიღებულ ამ ინფორმაციას დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ვერ ადასატურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იქ რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს, რომელიც გალის ადმინისტრაციაშია განთავსებული, დამატებითი ძალები ამ კონკრეტულ სოფელში შეეყვანა, რადგან იქ რუსები სამხედრო ბაზას აშენებენ. მისივე თქმით, ოკუპირებული სოფლების მოსახლეობა ამ კვირაში ელოდება რუს მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრი უნდა დაათვალიერონ.
XS
SM
MD
LG