Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეევი: მარგიევა პოლიტპატიმარია


ფატიმა მარგიევა, ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი
ფატიმა მარგიევა, ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი
ცხინვალის სასამართლოში ოსი უფლებადამცველის ფატიმა მარგიევას საქმის განხილვა დაიწყო.

მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.

როგორც ცხინვალში, ისე ვლადიკავკაზში უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური კომიტეტები შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს და რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართვები გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოხსენიებულია დიქტატორად და ტირანად, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს. მიმართვის ტექსტი ოსურმა ინტერნეტგამოცემა ”უასდან.კომ”-მა გაავრცელა.

გულით ავადმყოფი ფატიმა მარგიევა ცხინვალის ციხეში პროტესტის ნიშნად ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა. ინტერნეტგამოცემა ”ირონთაიმსი” იუწყება, რომ მარგიევამ სასამართლომდე ერთი დღით ადრე შიმშილობის აქცია ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ციხეში რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა იგი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

სასამართლოს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალიდან რადიო თავისუფლებას ოსი უფლებადამცველი ბესარიონ ასეევი ესაუბრა. მისი აზრით, ნონსენსია მარგიევას იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით გასამართლება, რადგან იარაღი ყველა ოჯახში ინახება და ადგილობრივი კანონმდებლობით ეს დანაშაული არ არის. ასეევის აზრით, მარგიევა პოლიტიკური პატიმარია.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარგიევას შესახებ კომენტარებს არ აკეთებენ. ერთადერთი კომენტარი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ რადიო თავისუფლებასთან გააკეთა. მან მარგიევა სტუდენტთა ინტელექტკლუბისთვის გამოყოფილი ფინანსების მითვისებაში დაადანაშაულა. კოკოითის თქმით, სასაცილოა უფლებადამცველი უწოდო იმ ადამიანს, ვინც სახლში იარაღის არსენალს ინახავს.

მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური კომიტეტები შეიქმნა როგორც ვლადიკავკაზში, ისე ცხინვალში. ვლადიკავკაზის კომიტეტის წევრის, ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევის აზრით, კოკოითი მატყუარაა და მან პასუხი უნდა აგოს როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის, ასევე რუსული ფინანსური დახმარების მითვისებისთვის.

მარგიევას გათავისუფლების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულის მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე კოკოითის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და მათ დაჭერით ემუქრებიან. ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები ახლა რუსი უფლებადამცველებისა და რუსეთის პრეზიდენტის იმედად არიან. იმედი აქვთ, რომ მათი ზეწოლით კოკოითი პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს, მაგრამ მედვედევს მათთვის პასუხი ჯერ არ უცნობებია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხვალ ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით ოსი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო მიტინგს გამართავენ.
XS
SM
MD
LG