Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ერაყში: „ხმის მისაცემად წავედით აფეთქებებისა და ტერორიზმის მიუხედავად“


ერაყში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები რამდენიმე დღე არ არის მოსალოდნელი და, შესაბამისად, პარტიებს ჯერ არ დაუწყიათ მოლაპარაკება შესაძლო კოალიციების საკითხზე. როგორია რიგითი ერაყელების დამოკიდებულება გუშინდელი კენჭისყრისადმი და ზოგადად, რა შეფასებები გამოითქმის ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერაყში უქმე დღეა. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ხალხი ისვენებს და, უწინარეს ყოვლისა, სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობს - რიგით მეორე არჩევნებზე შვიდი წლის წინ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

„ხალხის უმრავლესობა შინ რჩება. ოჯახები მეზობლებს ესაუბრებიან არჩევნებსა და მათს შედეგებზე: რა ჰგონიათ, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს და შეიცვლება თუ არა მათი ცხოვრება ახალი მთავრობით და ახალი პარტიებით, რომლებიც გაიმარჯვებენ“, - იუწყება ბაღდადიდან ჩვენი რადიოს ერყული სამსახურის კორესპონდენტი, ლაით აჰმადი.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება ხუთშაბათამდე არ არის მოსალოდნელი. მაგრამ ცნობილია, რომ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის ძალსიხმევას, დარჩეს მთავრობაში თავის ალიანსთან ერთად, სერიოზულ კონკურენციას უწევენ ყოფილი შიიტი პარტნიორები, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სეკულარული მმართველობის მომხრე იად ალაუი.

ჩვენი ერაყელი კოლეგა როგორც იუწყება, პარტიებს ჯერ არ დაუწყიათ რაიმე სახის კონსულტაციები: ყველა არჩევნების შედეგებს ელოდება. მეორე მხრივ, დასძენს ლაით აჰმადი, პარტიებს აქვთ „გარკვეული ინფორმაცია არჩევნების შედეგებზე, რადგან კენჭისყრაზე თავიანთი მეთვალყურეები ჰყავდათ, ამიტომ, შეიძლება იცოდნენ წინასწარი შედეგების შესახებ საარჩევნო ცენტრებიდან და უბნებიდან“.

საპარლამენტო არჩევნებში 19-მილიონიანი ელექტორატის 62 პროცენტი მონაწილეობდა - და ეს მიუხედავად ძალადობისა, რომელიც ბაღდადში თითქმის 40 ადამიანს დაუჯდა სიცოცხლის ფასად. ბაღდადის მკვიდრ საად აბტანის თქმით, მას უხარია, რომ ამდენი ხალხი არ შეუშინდა საფრთხეს და მაინც მიაშურა საარჩევნო უბნებს: „მადლობა ღმერთს, აფეთქებებისა და სარაკეტო თავდასხმების მიუხედავად, ერაყელები საარჩევნო უბნებზე წავიდნენ და არ შეუშინდნენ რაკეტებსა და აფეთქებებს. ახალ მთავრობას მოვუწოდებ, შეასრულოს დაპირებები, რომლებიც კანდიდატებმა გააკეთეს. ჩვენ გვინდა უსაფრთხოება და რეკონსტრუქცია“.

ჩვენი კორესპონდენტი ბაღდადის კიდევ ერთ მკვიდრს, მოჰამადს გამოელაპარაკა. მანაც გამოთქვა იმედი, რომ ახალი მთავრობა დანაპირებს შეასრულებს: „გუშინ გამართული არჩევნები კარგი იყო და ხმის მისაცემად წავედით აფეთქებებისა და ტერორიზმის მიუხედავად. ეს იყო წარმატებული არჩევნები, მადლობა ღმერთს! მაგრამ ახალ მთავრობას მოვუწოდებ, შეასრულოს თავისი დანაპირები. ყველა კანდიდატი დაგვპირდა რეკონსტრუქციასა და ახალ სამუშაო ადგილებს. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ კიდეც“.

ერაყში გამართულ არჩევნებს დადებითი გამოხმაურება ახლავს საზღვარგარეთიდანაც. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეფასებით, არჩევნებში ელექტორატის აქტიურობამ ცხადჰყო, რომ ერაყის მომავალი მის ხალხს ეკუთვნის.

„ყველა თვალსაზრისით, ეს იყო მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯი ერაყის ისტორიაში. ათობით პარტიამ და კოალიციამ წარმოადგინა პარლამენტარობის ათასობით კანდიდატი, ქალები და მამაკაცები. საარჩევნო ბიულეტენები 50 000-მდე საარჩევნო ყუთში ჩაყარეს და მილიონობით ერაყელმა გამოიყენა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით“, - ამ სიტყვებით მიესალმა ერაყში გამართულ არჩევნებს აშშ-ის პრეზიდენტი.

არჩევნებს მიესალმა ევროკავშირიც. მან შეაქო ერაყელები გაბედულებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, ჩატარებული არჩევნები იყო დიდი მიღწევა დემოკრატიული ერაყის მშენებლობის გზაზე.
XS
SM
MD
LG