Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთწლიანი მუშაობის ორი შედეგი


თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი
თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი
შენიშვნა, რის გამოც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 9 მარტს სპეციალური ბრიფინგი მოიწვია, ძირითადად, მედიის წარმომადგენლებისადმი იყო მიმართული. შენიშვნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა განმარტებებიც მოაყოლა. საქმე ეხება კომისიის შიგნით არსებულ საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტებს და მის პუნქტებს, რომლებიც, შარმანაშვილის თქმით, მედიამ საზოგადოებას არასწორად, ანუ უკვე დამტკიცებული ვარიანტის სტატუსით მიაწოდა:

“კომისიის ვარიანტი რომ ეწოდოს, მან უნდა გაიაროს განსაკუთრებული პროცედურა. ანუ ის უნდა განიხილონ სამუშაო ჯგუფებში, უნდა უყარონ კენჭი, შემდეგ აღნიშნული საკითხები უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე, უნდა პოვოს ორი მესამედის მხარდაჭერა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს რომელიმე ვარიანტი კონსტიტუციის პროექტის იმ ვარიანტად, რომელიც მოწონებულია კომისიის მიერ.”

აქვე აკონკრეტებს თენგიზ შარმანაშვილი იმ საკითხებს, რომლებსაც ჯერ არ მინიჭებია კომისიის ვარიანტის სტატუსი, თუმცა უკვე განხილვის საგნად იქცა:

”პრეზიდენტის პარტიულობასთან დაკავშირებული საკითხი - უნდა იყოს თუ არა ის რომელიმე პარტიის წევრი მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტად აირჩევენ; მეორე - ორმაგი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების დაკავების საკითხი. ჩვენ ორივე შემთხვევაში ნათლად ვიძლეოდით განმარტებებს, რომ ეს მხოლოდ სამუშაო ვარიანტები იყო.”

როგორც საკონსტიტუციო კომისიაში განმარტავენ, თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, დასრულებულია მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ ორ საკითხზე. საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პირველი: კონსტიტუციას უნდა დაემატოს თავი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და, მეორე, უკვე გადაწყვეტილია ცვლილება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ, ანუ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება არა 10 წლით, როგორც ეს არსებულ კონსტიტუციაშია აღნიშნული, არამედ საპენსიო ასაკამდე.

როგორც კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული პუნქტები უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, საიდანაც შენიშვნებსა და რეკომენდაციებს უახლოეს მომავალში ელოდებიან. ყველა დანარჩენი საკითხი კი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

სახელმწიფო კომისია უახლოეს მომავალში განიხილავს კონსტიტუციის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის ლევან რამიშვილისეულ ვარიანტს. ის კომისიას სახელმწიფო მოწყობის ე.წ. ამერიკულ მოდელს სთავაზობს:

”ჩემი პროექტი ითვალისწინებს საქართველოში რადიკალური კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებას, ხელისუფლებათა დანაწილების, შეკავებისა და ურთიერთკონტროლის საფუძველზე”, - აღნიშნავს ლევან რამიშვილი.

მმართველობის საპარლამენტო მოდელზე საუბრობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად პროექტის საკუთარ ვარიანტზე გასული წლის მაისიდან მუშაობს. საზოგადოებრივი კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებასთან საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობებზე საუბრობს:

”როდესაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე დავიწყეთ ფიქრი, აქ გათვალისწინებული იქნა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი, ხელისუფლებასა და საზოგადოებას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა. საპარლამენტო რესპუბლიკა ეს არის ყველაზე მდგრადი და მყარი მმართველობა კრიზისების დროს”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, როგორც კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მათი მიზანია შეიქმნას მმართველობის თანამედროვე, ევროპული წარმოდგენების დაბალანსებული სისტემა:

”არც ერთი მოდელი თავისთავად ცუდი არ არის - არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო და არც შერეული. მთავარია კონსტიტუციას ჰქონდეს დაბალანსების ის მექანიზმები, რომ ხელისუფლების ლეგალურად უზურპაციის საშუალება არანაირად არ არსებობდეს. უნდა შეიქმნას ევროპული წარმოდგენების დაბალანსებული სისტემა, ჩვენ შევეცდებით ეს შევქმნათ.”

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განმარტავენ, მათი ამოცანაა ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილიზებური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადება. პროექტზე მუშაობა კი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG