Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების ახალი პრიორიტეტები - ფორმა და შინაარსი


შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან
ამ დღეებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც განათლების საკითხებზე მუშაობენ. მინისტრმა განაცხადა, რომ აპრილიდან ხელფასი გაეზრდება 1200 სკოლის დირექტორს, რაც გასაგებიცაა... და არამარტო იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას სჭირდება მასწავლებლების ხმები - სკოლის დირექტორებისთვის დამატებითი სტიმულის შექმნა, პირველ რიგში, საშუალო სკოლის როლის გაზრდამ განაპირობა...

აქამდე საქართველოში, ფაქტობრივად, გაუგებარი იყო, კონკრეტულად როგორ იმოქმედა საშუალო სკოლამ მოსწავლის განათლების დონეზე... შესაბამისად, არ კონტროლდებოდა არც მასწავლებლების პროფესიონალიზმი. აღმოჩნდა, რომ, სკოლის პედაგოგთა მომზადების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა მსოფლიოში.

ახლა, განათლების მინისტრად დიმიტრი შაშკინის დანიშვნის შემდეგ, გარკვეული თვალსაზრისით შეიცვალა საშუალო განათლების კონცეფციაც... უხეშად რომ ვთქვათ, აქამდე ასე ითვლებოდა: თუკი საქართველოს სკოლების პედაგოგთა კოლექტივებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბჭოთა მენტალიტეტი, განათლების დონის მისაღწევად სკოლა აღარ უნდა იყოს მთავარი. მაგრამ ახლა (ძნელია ითქვას, რა არის მიზეზი - მართლაც მოახლოებული არჩევნები და სკოლის მასწავლებელთა ხმების აუცილებლობა თუ ის, რომ საშულო სკოლებში დღეს მასწავლებელთა ახალი თაობა მოვიდა) სკოლის როლი ისევ იზრდება - ახალი მინისტრის, როგორც თავად აღნიშნავს, მთავარი ამოცანა პედაგოგთა ცოდნის ამაღლება და მათი პროფესიული უნარების ამაღლებაა... ე.ი. საგნობრივი ცოდნის შემოწმების გარდა, მასწავლებლებმა უნდა უჩვენონ, რამდენად შეუძლიათ ბავშვებთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემა...

არსებითად, სწორედ აქ უნდა გაირკვეს, ალბათ, საქართველოს სკოლებში საბჭოთა მემკვიდრეობის არსებობა-არარსებობის საკითხიც, ე.ი. არა მარტო ის, თუ რამდენად განათლებულია მასწავლებელი, არამედ ისიც, თუ რამდენად მაღალია მასწავლებლის სამოქალაქო განათლების დონე, სამოქალაქო კულტურის დონე.

შეძლებს თუ არა საზოგადოება აკონტროლოს, რა ხდება საშუალო სკოლებში და, რაც მთავარია, როგორ მიმდინარეობს პედაგოგთა სერტიფიკაცია, ეს უკვე სხვა საკითხია.განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გაგვახსენა, რომ, ახალი მინისტრის მოსვლით, სკოლებს შეეზღუდათ პრესასთან კონტაქტი...

ეს ერთი საკითხია - პედაგოგთა სერტიფიკაცია... თავისი პლუსებით - ხელს შეუწყობს პროფესიონალი პედაგოგების ნაკადის ზრდას სკოლებში და სკოლების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას - და ნაკლოვანებით, რაც, ოპონენტთა აზრით, შესაბამისი ლიტერატურის არარსებობაში გამოიხატება...

მაგრამ მეორეა ცვლილება თავად მოსწავლეთა მომზადების პროცესში: სკოლების როლი იზრდება, რადგან გამოცდების ჩაბარების გარეშე მოსწავლეები ვეღარ მიიღებენ ატესტატს, ე.ი. ვეღარ ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში. და სწორედ აქ ხედავენ სპეციალისტები პრობლემას, რომელიც უფრო მეტად კულტურას, საზოგადოების სამოქალაქო განათლებას უკავშირდება და არ ეხება მხოლოდ განათლების სისტემას;

რამდენად შეიცვალა აღზრდის სისტემა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? ისევ ვერტიკალზე, იერარქიაზეა აგებული თუ თანასწორობის იდეა განსაზღვრავს? დაბოლოს, რამდენად იმოქმედებს ეს ცვლილებები საზოგადოების ორიენტირებზე - რა იქნება ფასეული და რა - ნაკლებად ფასეული? სიმონ ჯანაშიას აზრით, მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

დიახ, განათლების სპეციალისტების აზრით, ყველა ეს სიახლე - მასწავლებელთა ტესტირება, გამოცდები სკოლის მოსწავლეებისთვის, შედეგს ვერ მოგვცემს, თუკი, ლიცენზიის მოპოვების სისტემა, მაგალითად, ექიმების სერტიფიკაციას დაემსგავსა... სწორედ ექიმთა სერტიფიკაცია გაიხსენა ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ფსიქოლოგმა მარინა ჩიტაშვილმა, რომელიც, იმავდროულად, უმაღლესი განათლების საკითხებზე მუშაობს:

”სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების წინადადება ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება გამოცდებით, ათი გამოცდით... ეს ფასადურ გაფორმებას ჰგავს, ზედაპირულს”, - აღნიშნა მარინა ჩიტაშვილმა.

თუკი ახალი მეთოდის დანერგვა ფორმალურად და მხოლოდ ადმინისტრაციული გზით მოხდა, განათლების სპეციალისტთა აზრით, დაზარალდება მთელი ქართული საზოგადოება... სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სკოლები დაინტერესებულები იქნებიან თავიდან მოიშორონ ბავშვები, რომლებიც მათ რეიტინგს გააუარესებენ... ამავე დროს, გაჩნდება ერთგვარი ორიენტირი მშობლებისთვის, რომელთაც ეცოდინებათ, რომელ სკოლაში უნდა მიიყვანოს შვილი, რათა წარმატებული იყოს. უბრალოდ, არის საფრთხე ამ ცვლილებებმა განათლების სისტემაში კიდევ უფრო მეტად გახლიჩოს საზოგადოება.

განათლების რეფორმაზე მსჯელობისას სოციალურად დაუცველ ბავშვებს დღეს ხშირად იხსენებენ. მარინა ჩიტაშვილის თქმით, განათლების საერთო დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად რომ დაეცა, ამას უამრავი მიზეზი აქვს - როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური... ამ სფეროში დაშვებული შეცდომები დაემატა საერთო კრიზისს - ეკონომიკაში, კულტურაში, პოლიტიკაში:

”რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო დაბალია განათლების დონე... და ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვხდებით სწორედ ასეთი ტიპის ქვეყანა. მაგრამ მოხარული ვარ, რომ რჩება ტრადიცია - განათლებისადმი ინტერესი”, - თქვა მარინა ჩიტაშვილმა.

ეს ტრადიცია რჩება და ეს ტრადიცია ყველა ქვეყანას არა აქვს.. ამავე დროს, განათლების სისტემის კრიზისი მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში იგრძნობა. მარინა ჩიტაშვილის თქმით, კრიზისის ეს ნიშნები ყველაზე მეტად უმაღლეს სასწავლებლებში გამოჩნდება ხოლმე... უფრო სწორად, ქართველმა ფსიქოლოგმა თავის გამოსვლაში სიტყვა ”კრიზისი”არ იხმარა... იგი საუბრობდა იმაზე, რომ ტექნიკურმა პროგრესმა და გლობალიზაციამ, რომლის ერთ-ერთ საკითხად განიხილება მეცნიერებაში გლობალური და ტრანსნაციონალური პროექტების არსებობა, განათლების დონეზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.

დიახ, სწავლების სისტემა სტრუქტურირებულია და ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ განათლების სისტემის ამ სტრუქტურის დახვეწას... ცდილობენ საქართველოშიც. უახლოეს ხანში დავინახავთ - ფორმალური იქნება ეს ცვლილებები თუ მართლაც გაზრდის განათლების - მათ შორის, სამოქალაქო განათლების - დონეს ჩვენს ქვეყანაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG