Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იმედის” მოქმედების გამო საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები უკმაყოფილებას გამოთქვამენ


ტელეკომპანია ”იმედის” მოქმედების გამო საქართველოში საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამენ. ”იმედის” მიერ მოდელირებულად წოდებულ ”ქრონიკაში” ნაჩვენები იყო რამდენიმე ელჩის, მათ შორის ერიკ ფურნიეს და დენის კიფის კადრებიც. დიდი ბრიტანეთის ელჩმა გამოგონილ სიუჟეტში თითქოსდა მისი განცხადების გამოყენების გამო პროტესტი გამოთქვა და ეს ფაქტი უპატივცემულობად შეაფასა. დენის კიფი მიიჩნევს, რომ მომხდარი ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე. ”მსურს განვმარტო, რომ არც მე და არც დიდი ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არ გვქონია ამ უპასუხისმგებლო პროგრამასთან, რომელმაც საქართველოს მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია” - ნათქვამია დენის კიფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ”იმედის” ხელმძღვანელისგან მოითხოვა რეპორტაჟის ასლი, რათა, როგორც თავად განმარტავს, გამოსახულების თანხმლები კომენტარის ზუსტი ანალიზი შეძლოს. ამასთან, ფრანგი დიპლომატი აღნიშნავს, რომ იზიარებს მისი ამერიკელი კოლეგის შენიშვნას, რომლის თანახმად ”იმედის” მოქმედება იყო სრულიად უპასუხისმგებლო და საკმაოდ დაშორებული იმისგან, რასაც ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტი ეწოდება. ერიკ ფურნიეს შეფასებით, სინანულის გამომწვევმა მოქმედებამ არხის იმიჯი შელახა
XS
SM
MD
LG