Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინტერნეტო პეტიცია პუტინის გადადგომის მოთხოვნით


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი
ათიათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნას შეიცავს. ხელმოწერები ინტერნეტის მეშვეობით შეგროვდა, პეტიციის ორგანიზატორები კი მოსკოვში აპირებენ დემონსტრაციის გამართვას ლოზუნგით „პუტინი უნდა წავიდეს“, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მთავრობის მეთაური კვლავაც ინარჩუნებს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას.

პეტიცია 10 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტში. ერთი ნაწყვეტი: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის დამღუპველ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ კონსტრუქციას, რომელსაც დღეს თავს ახვევენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჰყავს ერთი არქიტექტორი, კურატორი და დამცველი. მისი სახელია ვლადიმირ პუტინი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთში დღეს შეუძლებელია რაიმე არსებითი რეფორმის განხორციელება, სანამ ქვეყანაში ძალაუფლება, რეალურად, პუტინის ხელშია. (...) ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თავისი მმართველობის წლების მანძილზე სწორედ პუტინი იქცა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ულმობელი, კორუპმირებული და არაპროგნოზირებადი ქვეყნის სიმბოლოდ - ქვეყნისა, სადაც მოქალაქეები უუფლებო და, უმრავლეს შემთხვევაში, ღარიბი არიან, ქვეყანაში, რომელსაც არც იდეალები აქვს და არც მომავალი“.

ეს იყო ნაწყვეტი სამგვერდიანი რუსულენოვანი პეტიციისა, რომელიც, როგორც ციტატა ცხადჰყოფს, პუტინის ათწლიანი მმართველობის მკაცრ კრიტიკას შეიცავს. ამასთან, საქმე ეხება საინტერნეტო პეტიციას, რომელიც უკვე 10 000-ზე მეტი ხელმოწერით არის გამყარებული.

ხელმომწერებს შორის წაიკითხავთ წამყვანი ოპოზიციონერების გვარებს - კასპაროვს, ნემცოვს. პეტიციას ხელი მოაწერეს ცნობილმა უფლებადამცველებმაც - ელენა ბონერმა, ლიუდმილა ალექსეევამ, ლევ პონომარიოვმა.

ბორის ნემცოვმა - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა - ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიცია ცარიელი ლოზუნგებიდან უნდა გადავიდეს იმათ დასახელებაზე, ვისაც რუსეთში მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. „გვინდა, რომ ქვეყანაში პატიოსანი არჩევნები იმართებოდეს; გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური კონკურენცია; გვინდა, რომ ქვეყნის პარლამენტი დისკუსიის ადგილი იყოს; გვინდა, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს“, ამბობს ნემცოვი, რომლის აზრითაც, რუსეთში საპროტესტო აქტიურობა სულ უფრო იმატებს და „იმატებს იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ სად გააგზავნის ამათუიმ სახის წერილებს“.

მოსკოველ პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინს კი „მცდარ სტრატეგიად“ მიაჩნია ოპოზიციის კრიტიკის, უწინარეს ყოვლისა, პუტინის წინააღმდეგ მიმართვა და აი, რატომ: „მოდით, შევხედოთ ნებისმიერ სოციოლოგიურ გამოკითხვას (...) შედეგები ხომ ყველა შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს. მთავრობისადმი ნდობის რეიტინგი ძალიან მაღალია. რუსებს ცვლილების ეშინიათ. მათ სურთ, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დარჩეს თანამდებობაზე. მათ აქვთ ჩინოვნიკების მიმართ პრეტენზიები, მაგრამ უმრავლესობას არ სურს მთავრობის მეთაურის გადაყენება“.

მოსკოველი პოლიტოლოგის შეფასებით, ოპოზიციის სტრატეგია ეფუძნება ვარაუდს, იმედს, რომ პუტინისადმი საზოგადოების ნდობა თანდთან იკლებს, ხოლო საჯარო განხილვის საგნად პუტინის გადადგომის საკითხის წამოჭრა, ნდობის ამ კლებას დააჩქარებს.

ასე რომ, როდის და რა ტემპით წარიმართება პუტინისადმი ნდობის კლების პროცესი, ვარაუდების საგანია. სამაგიეროდ ცნობილია „ლევადას ცენტრის“ მიერ გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები: გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთს სჭირდება „ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელშიც ადგილობრივ ლიდერებს ცენტრიდან ნიშნავენ“. ამავე გამოკითხვამ დაადგინა, რომ რუსეთის მკვიდრთა 62 პროცენტი „თავს იკავებს ხელისუფლებასთან კონტაქტისაგან“, ხოლო 77 პროცენტი არ აპირებს პოლიტიკაში მეტი აქტიურობის გამოჩენას.
XS
SM
MD
LG