Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მისი ოჯახი მთავარი პროკურატურისგან ითხოვს


30 წლის პატიმრის ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მისი ოჯახი მთავარი პროკურატურისგან ითხოვს. სააგენტო ინტერპრესნიუსს არასამთავრობო ორგანიზაცია ''ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის'' ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, რომ ოჯახი ასევე მოითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას როგორც სახელმწიფო, ასევე ალტერნატიული ბიუროების მიერ. ცეცხლაძის ოჯახი პატიმრის გარდაცვალების მიზეზის დადგენას მოითხოვს, რადგან ვარაუდობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასტიკად წამების გამო გაუარესდა. ინფორმაცია ამ საქმის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გაეგზავნა. ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების გარემოებებს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განმარტავს, რომ ნადიმ ცეცხლაძე გარდაცვალების მომენტში პატიმარი არ იყო, რადგან სასამართლომ სასჯელი გადაუვადა. სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ცეცხლაძე, რომლის ოჯახიც ექსპერტიზაზე უარს ამბობს, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით იყო ავად და 17 მარტს არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ ტუბერკულოზის ცენტრში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG