Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუბერკულოზი საქართველოში


24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზით ყოველწლიურად მსოფლიოში 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება, ერთი ბაქტერიაგამომყოფი კი, საშუალოდ, 10-15 ადამიანს გადასდებს ინფექციას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საჭირო მედიკამენტები უფასოა. რამდენად წარმატებულად ებრძვიან ტუბურკულოზს საქართველოში?

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 133 დაავადებული მოდის. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვის კოორდინაციისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მარინა ჯანჯღავას თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა შემთხვევის 2,5 %-ს შეადგენს. ანუ ადგილი აქვს ეპიდემიური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გასულ წლებთან შედარებით:

„ვიმყოფებით იმ 27 ქვეყანას შორის, სადაც ტუბერკულოზი აღიარებულია როგორც „მძიმე ტვირთი“. რაც შეეხება გავრცელებას, უკანასკნელი 10 წლის სტატისტიკით, დაავადების მატებას არა აქვს ადგილი. დაავადება კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ფაქტია ის, რომ გაიზარდა რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები.“

რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის შესახებაც მარინა ჯანჯღავა ლაპარაკობს, ისეთი ფორმის ტუბერკულოზია, რომელსაც წამლებისადმი მდგრადი მიკრობაქტერია იწვევს. როგორც წესი, რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარებას ხელს უწყობს არასწორი მკურნალობა ან მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა. არადა, საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც უფასოა. მეტიც, მოქმედებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის ცხელი ხაზი 91 19 26, რომელიც ასევე უფასო კონსულტაციის მიღების საშუალებას იძლევა.

ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა საპატიმროებშიც, თუმცა სპეციფიკური, ჩაკეტილი გარემოს გამო, დაავადება ყველაზე მეტ საფრთხეს სწორედ პატიმრებს უქმნის. პროლემის სირთულეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალურ პროგრამას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1998 წლიდან ახორციელებს. ტუბერკულოზის საკითხებში ორგანიზაციის რეგიონალური მრჩეველი სილვია ვისტი ამბობს:

„ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საპატიმრო ადგილებში 2,8 პროცენტია. ასეთი შედეგი აჩვენა 2008 წელს განხორციელებულმა კვლევამ. არადა, როცა პროგრამას ვიწყებდით, ეს მაჩვენებელი 6 პროცენტი იყო.“

თუმცა, ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, ტუბერკულოზით კვლავ იხოცებიან პატიმრები. მდგომარეობის შესაცვლელად 24 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ”ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს” შორის ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პრობლემის სიმწვავეზე ილაპარაკა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელმა სანდრა რულოვსმაც:

„ვცდილობთ ყოველ წელს განსაკუთრებული ჯგუფი ავირჩიოთ. შარშან იყო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის კოლექტივი. წელს იქნება პატიმრები, რომლებიც რეზისტენტულ მკურნალობას გადიან და ასევე ბავშვები.“

სანდრა რულოვსის თქმით, სწორედ ბავშვები უნდა იყოს სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რადგანაც შემაშფოთებელია სტატისტიკა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, ტუბერკულოზის შედეგად, მსოფლიოში 100 ათასამდე ბავშვი იღუპება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG