Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს


ერგნეთი, ადმინისტრაციული საზღვარი
ერგნეთი, ადმინისტრაციული საზღვარი
ხუთშაბათს ქართველ გამომძიებლებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს. ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის დედები გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების შუამავლობით ჩამოვიდნენ. ისინი მოწმის სტატუსით დაკითხეს. მთელი დღის განმავლობაში ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დაკარგულთა დედების დაკითხვა გორის პროკურატურაში მიმდინარეობდა. რადიო თავისუფლებამ ვერც პროკურატურასა და ვერც სამხარეო პოლიციაში დაზარალებულები ვერ იპოვა, სამართალდამცავები მაქსიმალურად ცდილობდნენ ჟურნალისტებისგან მათ დამალვას. ინფორმირებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას მხოლოდ დღის ბოლოს აცნობა, რომ ისინი ქალაქის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს. დაკითხვას ესწრებოდნენ ჰამარბერგის მიერ მოწვეული ფრანგი და ავსტრალიელი ექსპერტებიც, რომლებმაც საგამოძიებო საქმიანობა ცხინვალშიც ჩაატარეს - დაკითხეს მშობლები, ნათესავები და თვითმხილველები. ჩვენს რადიოსთან საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველმა დავით სანაკოევმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულთა მოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტებისა და საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ კომიტეტის ჩართვის შემდეგ პროგრესი იქნება.

ცხინვალისკენ დაბრუნებული დაკარგულთა დედები საღამოს 8 საათისთვის ერგნეთის საგუშაგოზე გამოჩნდნენ. მათ საერთაშორისო ექსპერტები, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები და ქართველი პოლიციელები აცილებდნენ. ექსპერტებმა და ჰამარბერგის ოფისის წარმომადგენლებმა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

რადიო თავისუფლებამ მიკროავტობუსში მყოფი დაკარგულთა დედების ჩაწერა სცადა, მაგრამ პოლიციელებისგან წინააღმდეგობას შეხვდა. ისინი აუდიოტექნიკის ჩამორთმევით იმუქრებოდნენ.

ხაჩიროვს, ხუგაევს და პლიევს კოკოითის ხელისუფლება ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს, ქართული მხარე კი მათ უგზო–უკვლოდ დაკარგულებად თვლის. სამი ოსი ახალგაზრდა 2008 წლის 13 ოქტომბერს სოფელ კორკულასთან დაიკარგა. ოსური მხარე სულ 7–ს, ქართული მხარე კი 37 დაკარგულს ეძებს.
XS
SM
MD
LG