Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის სამიტმა დასახა გზები ბირთვული იარაღის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად


ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პლენარული სხდომა
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პლენარული სხდომა
ვაშინგტონში დასრულდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოწოდებამ ბირთვული მასალების დაცვის შესახებ მსოფლიოს 47 ქვეყნის ლიდერთა სრული მხარდაჭერა დაიმსახურა.

დასკვნით პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ: საუკეთესო გზა საიმისოდ, რათა ბირთვული მასალა ხელში არ ჩაუვარდეთ ტერორისტულსა თუ სხვა სახის არასახელმწიფოებრივ დაჯგუფებებს, არის უშიშროების ზომების გამკაცრება, ბირთვული მასალების დაცვის გაძლიერება.

„ძალიან მოხარული ვარ, - აღნიშნა ობამამ, - რომ აქ წარმოდგენილმა ყველა ქვეყანამ მოიწონა მიზანი, რომელიც ერთი წლის წინ პრაღაში დავასახელე - ეს მიზანია მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ამბიციური ამოცანაა და სულაც არ გვგონია, რომ მისი შესრულება იოლი იქნება. თუმცა, საფრთხის აქტუალურობა და ის კატასტროფული შედეგები, რომელსაც ბირთვული ტერორიზმის თუნდაც ერთი აქტი გამოიწვევდა, მოითხოვს ძალისხმევას, რომელიც ერთდროულად გაბედულიც იქნება და პრაგმატულიც. და, ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია.“

ბარაკ ობამას თაოსნობით ჩატარებული სამიტი არის ნაწილი იმ მრავალმხრივი სტრატეგიისა, რომელიც თეთრმა სახლმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მისაღწევად შეიმუშავა. შეგახსენებთ, გასულ კვირაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც ამ ორ ქვეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება ბირთვული იარაღის არსენალები.

ვაშინგტონის სამიტის მონაწილეებმა, რომელთა შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო, ყურადღება გაამახვილეს ბირთვული საფრთხის ერთ, მეტად შემაშფოთებელ ასპექტზე: ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი მასალის „ალ ყაიდის“ ხელში ჩავარდნის საფრთხეზე. აშშ-ის ინფორმაციით, „ალ ყაიდა“ უკვე რამდენიმე წელიწადია, ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას.

ობამამ სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ ტერორისტების ხელში ჩავარდნილი ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი მასალის თუნდაც მცირე რაოდენობა საკმარისია მასობრივი კატასტროფისთვის: „ბირთვული მასალა, რომლის გაყიდვა, მოპარვა და ბირთვულ იარაღად ქცევაა შესაძლებელი, არსებობს ათობით ქვეყანაში. პლუტონიუმის სულ მცირე რაოდენობითაც კი - ვაშლის ზომის ოდენობით - შესაძლებელია ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის მოკვლა. ალ ყაიდის ქსელმა სცადა, ხელთ ეგდო ბირთვული იარაღის დასამზადებელი მასალა და ეს რომ მოეხერხებინა, უეჭველად გამოიყენებდა კიდეც.“

სამიტის დასკვნითი კომუნიკე მოუწოდებს მის მონაწილე 47 ქვეყანას, ეფექტიანად დაიცვან ბირთვული მასალის - პლუტონიუმისა და მაღალგამდიდრებული ურანის - უსაფრთხოება, იმ სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოება, სადაც ასეთი მასალა ინახება, თუნდაც ამისათვის კანონისა და პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო.

ლიდერები შეთანხდნენ, აგრეთვე, რომ გაააქტიურებენ თანამშრომლობას გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, რათა ბირთვული მასალა და ტექნოლოგიები არ მოხვდეს არასახელმწიფოებრივი ჯგუფების ხელში.

ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომ იტყვიან, მელანიც არ იყო შემშრალი, რომ ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ისეთ ურთიერთანტაგონისტურად განწყობილ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა, მაგალითად, ინდოეთი და პაკისტანი, ან საუდის არაბეთი და ისრაელი.

მაგრამ ბარაკ ობამა ოპტიმისტურად არის განწყობილი. გამოსვლის დასკვნით ნაწილში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტზე თითქმის გადაიდგა „არსებითი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ მსოფლიოს მოსახლეობის დასაცავად. შეიქმნა დეტალური სამუშაო გეგმა, რომელიც ორდღიან სამიტზე გაჩენილ იმპულსს პერსპექტიულად აქცევს: „ეს იყო დიდი პროგრესის დღე, - აღნიშნა ობამამ, - თუმცა, დღეს დილითაც ვთქვი: არ შეიძლება ამის ხელიდან გაშვება. ბირთვული მასალების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს სერიოზული და მდგრადი გლობალური ძალისხმევა. შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნების ექსპერტები რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს პროგრესის შესაფასებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ და, ასევე, მომავალი ნაბიჯების დასაგეგმად.“
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG