Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის ორდენი ნიკარაგუას


ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა (მარცხნივ) და დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მურად ჯიოევმა ორ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა (მარცხნივ) და დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მურად ჯიოევმა ორ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ნიკარაგუასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მურად ჯიოევთან ორ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობისა და საგარეო უწყებების კონსულტაციების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ იგი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა, კოკოითიმ აღნიშნა, რომ ნიკარაგუის ხელისუფლებას მისი ლიდერის, დანიელ ორტეგას სახით, რუსეთთან ერთად მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

კოკოითი არც მალავს, რომ ნიკარაგუის აღიარება რუსეთის დამსახურებაა. მისი აზრით, დანიელ ორტეგამ ამ ნაბიჯით პირველ რიგში რუსეთს გამოუცხადა მხარდაჭერა.

ედუარდ კოკოითიმ სამუელ სანტოს ლოპესი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა აღნიშნა, რომ მიღებული მეგობრობის ორდენი ეკუთვნის ნიკარაგუის ხალხს და მის ლიდერს დანიელ ორტეგას. მისი თქმით, ენობრივი განსხვავება და გეოგრაფიული დაშორება ორ რესპუბლიკას ხელს ვერ შეუშლის ურთიერთობების განვითარებაში.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის აზრით, ავტორიტარული რეჟიმები მოკავშირეებს ეძებენ და ცხინვალში დადგმული სპექტაკლი სეპარატისტების კრიმინალური რეჟიმისთვის ლეგიტიმურობის მინიჭების უნიჭო მცდელობა იყო.

ოსური მხარე მზად არის ნიკარაგუასთან განავითაროს როგორც სამეცნიერო-კულტურული ისე ეკონომიკური ურთიერთობები. კოკოითის ხელისუფლებაში ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიტანონ ცხინვალიდან მანაგუამდე ლუდი, რძე და ყველი ისე რომ გზაში არ გაუფუჭდეთ.
XS
SM
MD
LG