Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რატომ იწერება ისტორია


9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-19 წლისთავზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია შეიქმნა. განკარგულების მიხედვით, კომისია იურიდიულ და ისტორიულ შეფასებას მისცემს როგორც საქართველოს უახლოესი წარსულის, ასევე რუსეთთან თითქმის ორასწლიანი ურთიერთობის მნიშვნელოვან მოვლენებს. საგულისხმოა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის მაისში, რუსეთში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებით, მუშაობა დაიწყო ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლმა კომისიამ. ვინ, როგორ და რა მიზნით წერს ისტორიას.?

საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის შექმნის შესახებ საზოგადოებას ოკუპაციის მუზეუმიდან აცნობა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისტორიის ადეკვატური ცოდნის გარეშე საქართველოს გაუჭირდება ოკუპაციის დაძლევა და სრული თავისუფლების მოპოვება:

„ზუსტი შეფასება იმისა, რაც ხდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მიერ საკუთარი მომავლის სწორი განსაზღვრის კუთხით. ბევრი ისტორიკოსი და მეცნიერი უნდა ჩაერთოს ამ კომისიის მუშაობაში. მინდა, რომ ეს კომისია რამდენიმე თვეში წარდგეს ფუნდამენტური ნაშრომით რამდენიმე ენაზე, რომელიც მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენს შემდგომ თაობებს გააცნობს ამომწურავად ყველაფერს, რაც ამ თემას ეხება.“

კომისიას, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და ისტორიკოსი, კენტის უნივერსტიტეტის დოქტორანტი ვასილ რუხაძე უხელმძღვანელებენ.

ნებისმიერი კოლექტიური მეხსიერება ხელოვნურია, ბუნებრივი კოლექტიური მეხსიერება არ არსებობს
„ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს, ამოცანა, ამ კომისიის ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, გახლავთ ის, რომ გამოვიძიოთ 187-წლიანი მემკვიდრეობა ცარისტული და საბჭოთა ოკუპაციისა საქართველოში, ყველა ის ძალადობა და უსამართლობა, რომელიც ჩვენმა ერმა და სახელმწიფომ გადაიტანა“, განაცხადა ვასილ რუხაძემ. მისი თქმით, წარსულის საფუძვლიანი გამოძიება მნიშვნელოვანია ერისა და საზოგადოების „კოლექტიური მეხსიერებების“ ფორმირების თვალსაზრისით. თანამედროვე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა განვითარებული ერი, რომელსაც ტრაგიკული წარსულის შესახებ კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბების ინტენსიური პოლიტიკა არ გაეტარებინოს. მაგრამ ვინ და როგორ ქმნის კოლექტიურ ხსოვნას? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამ შეკითხვას ასე უპასუხებს:

„ნებისმიერი კოლექტიური მეხსიერება ხელოვნურია, ბუნებრივი კოლექტიური მეხსიერება არ არსებობს. ის არის ყოველთვის ხელისუფლების მიერ შექმნილი და ყოველთვის ხდებოდა მისი, შეიძლება გაუცნობიერებელი, მაგრამ აქტიური გავრცელება.“
ბუნებრივია, რომ განსხვავებულ საზოგადოებებს განსხვავებული კოლექტიური მეხსიერება აქვთ. ნიმუშად გამოდგება გეორგიევსკის ტრაქტატისადმი ქართული და რუსული საზოგადოებების დამოკიდებულება. 9 აპრილს, როცა მიხეილ სააკაშვილმა კომისიის შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი, მოსკოვსა და თბილისს შორის ტელეხიდი გაიმართა.

დისკუსიის მონაწილე რუსეთიდან: „რომ არა რუსეთი, საქართველო ვერ გადარჩებოდა. შესაბამისად, საქართველომ თავად, საკუთარი ნებით, ითხოვა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ამის შესახებ ჩვენთან, რუსეთში, მოსწავლემაც კი იცის.“
დისკუსიის მონაწილე საქართველოდან: „ისტორიული საკითხების მსგავსი განხილვა და საკუთარი ინტერპრეტაციები ისეთ ვითომ ისტორიულ ფაქტებზე, როგორიცაა „ქართული ენა გადაარჩინა რუსეთის იმპერიამ“, კარგს არაფერს მოიტანს. იქნებ ანბანიც თქვენ მოგვეცით და ქრისტიანობაც თქვენ შემოიტანეთ საქართველოში?! არ არის ეს საჭირო!“
თუმცა იმაზე, არის თუ არა ამგვარი კამათი საჭირო, ისტორიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული განმარტავს:

„ამ საქმეს სახელმწიფო კურირება სჭირდება, იმიტომ რომ იმავე პრობლემას საქართველოსთან მიმართებაში ძალიან კარგად კურირებენ რუსები. საქართველოს უახლოესი ისტორიის გასაყალბებლად ამ საქმეზე უამრავი ფული იხარჯება, ისტორიკოსებს სპეციალურად უხდიან ფულს. ეს ხდება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში და სახელმწიფოა ამის პროტექტორი.“

რუსეთის ხელისუფლება რომ ისტორიისადმი გულგრილი არ არის, ამაზე მეტყველებს გასული წლის მაისში ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო კომისიის შექმნაც. დმიტრი მედვედევმა საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს კომისიის შექმნის აუცილებლობა ასე აუხსნა:

ცუდი ნაშრომი თუ დაიწერება, ის ცუდი იქნება საქართველოსათვის. არავინ მას ჭეშმარიტებად არ მიიღებს
„ისტორია არაფერს ასწავლის. ის მხოლოდ სჯის საკუთარი გაკვეთილების არცოდნის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიით არა, უბრალოდ, დაინტერესება, არამედ მისი საფუძვლიანი ცოდნა. ეს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა თქვენი და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.“

თუმცა ის, რაც მნიშვნელოვანია ერთი სახელმწიფოსათვის, შესაძლოა უმნიშვნელო და ზიანის მომტანიც კი იყოს მეორისათივს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს, არ უკვირს, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარ ისტორიას წერს:

„ყველა ისტორია ტენდენციურია, არატენდენციური ისტორია არ არსებობს. ისტორია არის შეხედულებების ანალიზი შეხედულებების მიერ. შესაბამისად, ერთი ამბავია, მაქიმალურად მეცნიერული იყო და, მეორე, იყო ადეკვატური იმ გარემოსი, რომელშიც ცხოვრობ. რუსებს კი არ უნდა დაუპირისპირდე და ამიტომ კი არ უნდა წერო შენი ისტორია, არამედ შენი ისტორია ისე უნდა ააგო, რომ მოემსახუროს შენი სახელმწიფოს მომავალსა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.“

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი კომისიის გაცხადებული მიზანიც ესაა, თუმცა, გიგი თევზაძისგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ისტორიკოს დავით ბერძენიშვილს, არა აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ხელისუფლება ცდილობს საბჭოთა პერიოდის ამსახველი ადეკვატური ისტორიის შექმნას.

„რესპუბლიკურ პარტიას არ დაკავშირებია ოკუპაციის მუზეუმის ხელმძღვანელობა და არც 1979 წელს გამოცემული ჟურნალი „სამრეკლო“ , მისი ასლი და სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ატრიბუტი მას არ მოუთხოვია, რომ გადაგვეცა. მე არ ვიცი ეს კომისია რას გააკეთებს. ჯერჯერობით რეპრესირებულებთან და საბჭოთა ისტორიასთან მიმართებით სააკაშვილი აგრძელებს მისი მშობელი წინამორბედის შევარდნაძის გზას.“

კიდევ უფრო რადიკალურია კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური:

„სააკაშვილს ახლავე ეჩქარება, რომ სასწრაფოდ ჩაწერონ საქართველოს დიდი წინაპრებისა და შეუმცდარი ადამიანების სიაში. ამის გაკეთებას კი, ალბათ, მის მიერვე შექმნილი კომისიის ხელით აპირებს.“

თუმცა ამგვარი რამ წარმოუდგენლად მიაჩნია ისტორიკოს ვახტანგ გურულს. მისი თქმით, შეკვეთის მიცემას და ყალბი ნაშრომის დაწერას აზრი არა აქვს:

შეიქმნება საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ერთიანი, საერთო თხრობა-ნარატივი, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს საქართველოს განვითარების საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას
„ცუდი ნაშრომი თუ დაიწერება, ის ცუდი იქნება საქართველოსათვის. არავინ მას ჭეშმარიტებად არ მიიღებს, იმიტომ რომ ის მოხვდება გერმანელი, რუსი, ამერიკელი, ფრანგი ისტორიკოსების ხელში და ექნება უკუცემის ძალა, რის გამოც საქმის წარმატებით გადაჭრის საშუალება ის არ იქნება“, უთხრა ვახტანგ გურულმა რადიო თავისუფლებას.

მაგრამ კვალიფიციური ნაშრომის დაწერაც საქმის მხოლოდ ნახევარია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ გადატანილი საშინელებების კოლექტიური ხსოვნა შექმნას, გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. კომისიის თანათავმჯდომარე ვასილ რუხაძე სააგენტო „პირველისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საჭირო იქნება ცარისტული და საბჭოთა ოკუპაციის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულობების სათანადო ასახვა ყოფაში, განათლებასა და მეცნიერებაში. კომისიის მუშაობის საფუძველზე უნდა შეიქმნას ოკუპაციის დროს დაღუპულთა საძმო სასაფლაოები, მემორიალები, ძეგლები; დაწესდეს რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპულ ქართველთა ხსენების დღე; ქუჩებს, სკოლებს, სკვერებსა და პარკებს მეტი ინტენსივობით ეწოდოს რუსეთის ძალადობის შედეგად დაღუპულ ქართველ გმირთა სახელები. ვასილ რუხაძის თქმით, ყოველივე ამის შედეგად, შეიქმნება საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ერთიანი, საერთო თხრობა-ნარატივი, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს საქართველოს განვითარების საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას, რომელსაც ამჟამად ხელს უშლის ქართული საზოგადოების საბჭოთა კავშირისადმი ლოიალურად განწყობილი კოლექტიური ხსოვნა. გიგი თევზაძის თქმით, ამგვარ კეთილგანწყობაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ეს ხსოვნა იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის პერიოდში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირისადმი ლოიალური ხელისუფლების ხელში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG