Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, 64 წლის თეიმურაზ ჯერაპოვი დააკავეს.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჯერაპოვი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

2006 წლიდან ჯერაპოვის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ეძებდა.

როგორც ცნობილია, 2006 წლის ნოემბერში თეიმურაზ ჯერაპოვმა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. იმ დროს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ყველა ალტერნატიულ კანდიდატზე სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრა და მათზე ძებნა გამოაცხადა.

ალტერნატიულ არჩევნებში დიმიტრი სანაკოევის გამარჯვების შემდეგ ჯერაპოვი ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია იურიდიულად გაფორმდა, იგი ეკონომიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დროებითი ადინისტრაცია ქურთიდან თბილისში გადავიდა, სადაც კადრების შემცირება მოხდა. ამ შემცირებაში თეიმურაზ ჯერაპოვიც მოჰყვა.

თეიმურაზ ჯერაპოვის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. დროებით ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჯერაპოვს ბიზნესი ვლადიკავკაზში ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში ვლადიკავკაზში ცხინვალის გავლით უპრობლემოდ ჩადიოდა.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ჯერაპოვს ხელი მიუწვდებოდა ადმინისტრაციის ფინანსურ დოკუმენტაციაზე და ეკონომიკურ პროექტებზე, ამიტომ მისი დაკავება პირველ რიგში რუსული ეფ-ეს-ბე-სთვის იქნება საინტერესო. ოსური უშიშროება დაკავების დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჯერაპოვი ახლა ჩვენებას გამომძიებლებს აძლევს.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მიერ ადმინისტრაციის ყოფილი თანამშომლის, ეკონომიკის მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის დაკავებას მორიგ პოლიტიკურ დაპატიმრებად აფასებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი, რომ ადრე ჯერაპოვისთვის კოკოითის რეჟიმს დაბრკოლება არ შეუქმნია და მას პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მისი ნათესავები კოკოითის რეჟიმის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ.

ჯერაპოვის დაკავებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას კომენტარი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმა მისცა. მისი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტეროტორიაზე, კოკოითის ხელისუფლების მიერ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების უფლებები უხეშად ირღვევა.

აღსანიშნავია, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ამ არჩევნებში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან ორი მათგანი - ახალგორელები გივი ჩიგოევი და თამარ ჩარაევა კოკოითის სამართალდამცავებმა აგვისტოს ომის დასრულებისთანავე დააკავეს. მათი გათავისუფლება, საქმეში ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ჩართვის შემდეგ მოხერხდა.

უცნობია, გაათავისუფლებს თუ არა კოკოითი კიდევ ერთ ყოფილ კანდიდატს, საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვს. გარდა ჯერაპოვისა, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ძებნაა გამოცხადებული მაია ცაბოშვილსა და დიმიტრი სანაკოევზეც.
XS
SM
MD
LG