Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა - ახალი მერობის ძველი კანდიდატი


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა. ოფიციალური განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პავლე კუბლაშვილმა და თავად გიგი უგულავამ შეიტანეს. მმართველმა პარტიამ ცესკოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა.

„იწყება, აგული“ - „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ფეხმძიმე გლაფირას ამ სიტყვების გამეორების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოფიციალურად იწყებს დედაქალაქის მერობისათვის ბრძოლას:

„მომავალი 34 დღის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით თბილისელებს ავუხსნათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენი თითოეული დაპირება იქნება მოკრძალებული, საქმიანი და, ამავდროულად, რეალისტური. მთავარი, რაც დღეს თბილისს სჭირდება, არის უფრო მეტი დასაქმება, უფრო მეტი სტაბილურობა და უფრო მეტი განვითარება.“

გიგი უგულავა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ავტომობილით მივიდა. „სამართლიანი არჩევნების“ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა სირაძე-დელონეს განმარტებით, მოქმედი საარჩევნო კოდექსი სახელმწიფო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რაც, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულირებით შემოიფარგლება. რაც შეეხება თანამდებობიდან გადადგომას:

„კანონის მიხედვით, არანაირი ვალდებულება მას არ აქვს ან გადადგომის, ან შვებულებაში გასვლისა.“

გადადგომასა და შვებულებაში გასვლას რომ არ აპირებს, თბილისის მერმა ეს გლდანის მეორე მიკრორაიონში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზეც დაადასტურა:

„თბილისს არ სჭირდება მერი, რომელიც ქალაქს კინკლაობის ცენტრად აქცევს. თბილისს სჭირდება მშრომელი მერი, რომელიც თბილისს დასაქმების ცენტრად აქცევს. თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ბევრი გააკეთა, მაგრამ აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.“

თბილისის მერის ეს გამოსვლა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ნაციონალურმა არხებმა თითქმის ნახევარსაათიანი სიუჟეტებით გააშუქეს. მოვლენას ვრცელი ინტერვიუთი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტიც. ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს კანონის დარღვევით იყენებს. 26 აპრილს პარლამენტში საარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრაზე მსგავსი ბრალდება ახალგაზრდა იურისტებმაც გაიმეორეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტთა ბრალდებები უსაფუძვლოა.

„სამწუხაროდ, უსაფუძვლო ბრალდებებია მხოლოდ და, უბრალოდ, ფონის შექმნა უნდათ, რომ ვიღაცა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ყველას, მათ შორის ახალგაზრდა იურისტებსაც მოვუწოდებ, რომ ნახონ ის მემორანდუმი, რომელიც მათ მიერვე არის ხელმოწერილი და რომელიც ცესკოში გაფორმდა. ამ მემორანდუმს ჩვენც შევუერთდით. თუ რომელიმე პუნქტი ირღვევა იმ მემორანდუმის, მე მზად ვარ თვითონ მოვითხოვო რეაგირება ამაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას პავლე კუბლაშვილმა.

უცნაურია, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება პრობლემას უქმნის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ მუშაობას. 26 აპრილს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი, სავარაუდოდ, რეგულარულ მუშაობას შეწყვეტს. ბაქრაძის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, მაჟორიტარ დეპუტატებს სხდომებზე დასწრება უჭირთ. ამიტომ, მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვის პერიოდში სხდომები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმართება. დეპუტატების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ბუნებრივად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ გენრალურ მდივანს ზურაბ მელიქიშვილს:
„დეპუტატი არის პოლიტიკური ფიგურა. აქედან გამომდინარე, დეპუტატების ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში არ კრძალავს არც ერთი კანონი.“

ზურაბ მელიქიშვილის თქმით, პარლამენტი მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 აპრილს პლენარული სხდომის ფორმატში მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებად ოფიციალურად მხოლოდ ნიკა ივანიშვილი, დავით იაკობიძე, ზურაბ ძიძიგური და გიგი უგულავა არიან დარეგისტრირებულნი. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას თავში თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, მწერალი ზაალ სამადაშვილი უდგას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG