Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”Edison Research”-ის ეგზიტპოლი, სავარაუდოდ, 2 %-ანი ცდომილებით


ორგანიზაცია ”Edison Research”-ის ვებსაიტი
ორგანიზაცია ”Edison Research”-ის ვებსაიტი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს, ანუ ამომრჩევლის გამოკითხვას კენჭისყრის შენობის გარეთ, ამერიკული ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩი” ჩაატარებს. ეგზიტპოლის დამკვეთები არიან მედია ჰოლდინგი ”იმედი” და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”. ”ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებმა 30 მაისის არჩევნების ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისათვის მოაწყვეს.

”ედისონ რისერჩის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ლენსკის განმარტებით, 30 მაისს ეგზიტპოლს ორგანიზაცია მთელ საქართველოში ჩაატარებს. ამისათვის იგეგმება ადგილობრივი კვლევითი კომპანიების წარმომადგენელთა ინტერვიუერებად გადამზადება. მოლაპარაკება იმის შესახებ, საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი ინტერვიუერის წარგზავნა გახდება საჭირო და რა მასშტაბს მოიცავს ზოგადად ეგზიტპოლი, ჯერ მხოლოდ წარმოებს. თუმცა უკვე გარკვეულია დედაქალაქის საკითხი. ”ედისონ რისერჩი” არჩევნების დღეს თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 75 საარჩევნო უბანზე, მთლიანობაში, 7500-ს, ერთ უბანზე კი საშუალოდ 100 ამომრჩეველს გამოკითხავს.

” ჩვენ უკვე შევარჩიეთ საარჩევნო უბნები, სადაც ინტერვიუერები არჩევნებიდან გამოსულ მოქალაქეებს ჩვენს კითხვარს გადასცემენ. ამ კითხვარს ამომრჩეველი თავად შეავსებს. ეს იქნება ანონიმური პროცესი. შევსებულ კითხვარს ამომრჩეველი შემდეგ სპეციალურ ყუთში თავად მოათავსებს. ეგზიტპოლის შედეგები კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი”, - გვითხრა ”ედისონ რისერჩის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ლენსკიმ.

ეგზიტპოლის შედეგებს ტელეკომპანიების ”რუსთავი-2”-ისა და ”იმედის” ეთერით საზოგადოება 30 მაისის 20 საათის შემდეგ შეიტყობს. მონაცემებში ასახული იქნება როგორც მერობის კანდიდატების, ისე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, კლასიფიცირებული დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმებით. არჩევნების შედეგებთან ეგზიტპოლის შედეგების სავარაუდო ცდომილებას ჯო ლენსკი პლუს-მინუს 2 %-ის ფარგლებში განსაზღვრავს.

”2-3 პროცენტი ეგზიტპოლისთვის არ არის ბევრი. ყველაფერს თავისი ცდომილება აქვს. ყოფილა შემთხვევები, უფრო მაღალიც კი ყოფილა ცდომილება. ეს დამოკიდებულია, ძირითადად, იმაზე, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი არ ამხელს თავის არჩევანს”, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი.

ამომრჩევლის გულწრფელობის გარდა, ეგზიტპოლის მიზნით გამოსაკითხ მოქალაქეთა რაოდენობის სიმწირე აფიქრებს, თავის მხრივ, ”სამართლიანი არჩევნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნინო დოლიძეს:

”100 ამომრჩეველი ერთ უბანზე არ მოგვცემს შედეგს, იმიტომ რომ 100 ამომრჩეველი არ არის მთელი უბნის რაოდენობა. შესაბამისად, შეიძლება სულაც არ იყოს რეპრეზენტატული. თუმცა ის ძალიან კარგია, რომ იქნება სამიზნე ჯგუფები. ანუ კონკრეტული ასაკის ამომრჩეველი როგორ მისცემს ხმას, ეს ძალიან საინტერესოა. ვნახოთ, რა იქნება.”

30 მაისის არჩევნების შედეგების ერთგვარი რევიზიის მიზნით, ”სამართლიანი არჩევნები” და ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, ტრადიციულად, ხმის პარალელურ დათვლას აპირებენ. თავის მხრივ, ” ედისონ რისერჩი” ჯერჯერობით ერთადერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც ეგზიტპოლის ჩატარებაზე განაცხადი უკვე საჯაროდ გააკეთეს. როგორც ეგზიტპოლის ერთ-ერთმა დამკვეთმა, ტელეკომპანია ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ოთარ ბუბაშვილმა გვითხრა, ”ედისონ რისერჩი” საერთაშორისო მნიშვნელობის წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა. სწორედ ეს გახდა მასზე არჩევანის შეჩერების მიზეზიც.

” მოგეხსენებათ, ეგზიტპოლების შემსრულებლებს, როგორც წესი, ქირაობენ თვითონ ტელეკომპანიები. ანუ ჩვენ გვაქვს კავშირები ტელეკომპანიებთან და დიდხანსაც არ გაგრძელებულა ეს შერჩევის პროცესი, იმიტომ რომ ეს კომპანია რამდენიმე წყაროდან უპირობო ლიდერი აღმოჩნდა.”

„ედისონ რისერჩი“ შეერთებულ შტატებში 1994 წელს დაარსდა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ყველა დონის არჩევნების კვლევაში მონაწილეობდა. იგი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კომპანია ოპერირებს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. ეგზიტპოლს საქართველოში პირველად ატარებს.
XS
SM
MD
LG