Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1:0 ბროვცევის სასარგებლოდ


ვადიმ ბროვცევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
ვადიმ ბროვცევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრისთვის, ვადიმ ბროვცევისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი გუშინდელი სესიის დღის წესრიგიდან მოხსნა. პარლამენტმა მხოლოდ მთავრობის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის პრეზიდიუმს ბროვცევისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენების წინადადებით მიმართა. ისინი პრემიერ-მინისტრს უმოქმედობაში და რუსული ფინანსური დახმარების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ.

პარლამენტმა უნდობლობის საკითხის დაყენება გაურკვეველი ვადით გადადო. მანამდე კი ვადიმ ბროვცევი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

ცხადია, რომ ბროვცევი იქ მარტო სარეაბილიტაციო პროექტების განსახილველად არ ჩასულა. მის კვალდაკვალ, ორი დღის შემდეგ, იგივე პირებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც შეხვდა. რთული სათქმელია, შეარიგეს თუ არა კრემლში ბროვცევი და კოკოითი, მაგრამ პარლამენტმა, სადაც კოკოითი კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს, ბროვცევის უნდობლობის საკითხი გადადო. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრს კრემლში ისევ მფარველობენ.

დე ფაქტო პარლამენტის სხდომის შემდეგ დეპუტატებს და მთავრობის წევრებს კოკოითი შეხვდა, შეხვედრას ბროვცევიც ესწრებოდა. კოკოითიმ დეპუტატებს მხარდაჭერა აღუთქვა და დასაწყისში მთავრობის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა.

დარბაზში შეკრებილები ფიქრობდნენ, რომ სიტყვის დასრულებისას კოკოითი ბროვცევს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას იქვე მოსთხოვდა, მაგრამ მოულოდნელად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ნდობა გამოუცხადა და ჯოხი რუსეთიდან ჩამოსულ ეკონომიკური გუნდის მხოლოდ რამდენიმე მინისტრზე გადატეხა.

კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ოფიციალურ მიზეზად ბროვცევის მთავრობის მიერ ბიუჯეტის ვერ მიღება დასახელდა, მაგრამ ექსპერტების აზრით, ეს კონფლიქტი რუსული ფინანსური დახმარების გადანაწილებას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფინანსურ ნაკადებს მთლიანად ბროვცევის ეკონომიკური გუნდი აკონტროლებდა, კოკოითი კი ამას ვერ იტანდა. მათი ბრძოლა, ძირითადად, მედიასაშუალებებით მიმდინარეობდა. კოკოითის კონტროლირებული სააგენტო ”ოსინფორმი”, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენზურის გარეშე ერთი სიტყვაც კი არ ქვეყნდება, ბროვცევს ჩელიაბინსკელ მარადიორსა და ქურდბაცაცას უწოდებდა. ბროვცევის მხარდამჭერი სააგენტო ”ერსეოინფორმი” კი ჩაშლილ სარეაბილიტაციო სამუშაოებში პრეზიდენტს და მის გუნდს ადანაშაულებდა.

ცხინვალში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრება რადიო თავისუფლებას ოსმა უფლებადამცველმა რუსლან მაყაევმა გაუზიარა. მისი თქმით, კოკოითი ფინანსებს ჩამოაცილეს, რადგან ფულს გამუდმებით იპარავდა. მისი აზრით, ფულს ბროვცევის გუნდიც იპარავს. დაზარალებულების ბედი კი არავის აინტერესებს. მაყაევის აზრით, კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირება სწორედ ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

კრემლში რომ ბროვცევს მფარველები ყავს და რომ ცხინვალში რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის რეკომენდაციით დაინიშნა, ამაზე ოსური და რუსული მედია გამუდმებით წერს.

კრემლმა ბროვცევი დაიცვა, ახლა მის გუნდში პირველ გამარჯვებას ზეიმობენ. კოკოითიმ უკან კი დაიხია, მაგრამ მის მხარდამჭერ დეპუტატებსა და კონტროლირებულ მედიას პირდაპირ მიანიშნა, რომ ბროვცევზე შეტავა დასრულდა, მაგრამ რუსეთიდან ცხინვალში ჩასული რამდენიმე მინისტრის გაწირვა აუცილებელია.
XS
SM
MD
LG