Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თბილისის მერობის ხუთ კანდიდატს შორის დებატები გაიმართა


“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს გიგი უგულავას, ირაკლი ალასანიას, გიორგი ჭანტურიას, ზვიად ძიძიგურსა და გოგი თოფაძეს შორის დებატები გაიმართა. თითოეულ კანდიდატს ჯერ შესავალი სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა, რის შემდეგაც მათ ოთხ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწიათ. შესავალი სიტყვისთვისაც და თითოეული პასუხისთვისაც კანდიდატებს ორ-ორი წუთი ჰქონდათ. მერობის კანდიდატებს, მაგალითად, ჰკითხეს, რას სთავაზობენ თბილისელებს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. საპასუხოდ, "ეროვნული საბჭოს” კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება გასაღების ბაზარი. ძიძიგურის შეფასებით, მხოლოდ რუსეთთან დიალოგის გზით გაიხსნება რუსეთის ბაზარი, რაც ქართულ ეკონომიკას განვითარების საშუალებას მისცემს. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიგი უგულავამ კი მიუთითა რამდენიმე პროექტზე, რომელიც მერიამ დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად შექმნა, მათ შორის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. “ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, უმუშევრობის პრობლემას ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა იწვევს. ალასანია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საოჯახო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ფონდი. “მრეწველების” კანდიდატმა, გოგი თოფაძემ ისაუბრა იმაზე, რაც უკვე გაუკეთებია და აღნიშნა, რომ აქვს უკვე არაერთი სამუშაო ადგილის შექმნის გამოცდილება. ხოლო “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატის, გია ჭანტურიას განცხადებით, უნდა შეიქმნას დასაქმებისთვის ხელსაყრელი პირობები: რომელი პროდუქციის წარმოებაც ადგილზე შეიძლება, ის პროდუქცია ადგილზე უნდა ვაწარმოოთო, განაცხადა გია ჭანტურიამ. დებატებში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებული კანდიდატია მიწვეული. 9 მაისს, ისევ 21 საათზე, მათში მონაწილეობის საშუალება მიეცემა მერობის დანარჩენ ოთხ კანდიდატს - გიორგი ლაღიძეს, ნიკა ივანიშვილს, თამაზ ვაშაძეს და დავით იაკობიძეს. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ტარდება.
XS
SM
MD
LG