Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 10 მაისი 2010


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
თითქმის ყველა დღევანდელი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ნახავთ სტატიას ან ინტერვიუს, ან ილუსტრაციას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ”ფრთხილად! - ცეცხლთან თამაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ააფეთქოს”, - წერს ”კვირის პალიტრა“ და სტატიაში, ძირითადად, ერეკლე დეისაძეს აკრიტიკებს. ”არ ვიცი რა დედამ შობა თავისი დედის მოძულე ავტორიო”, - უთხრა ჯანსუღ ჩარკვიანმა გაზეთს, რატი ამაღლობელმა კი ავტორი ერთგვარად დაიცვა: ”ასეთი ადამიანები კი არ უნდა ჩავქოლოთ, მათთვის უნდა ვილოცოთო”, - უთხრა რატი ამაღლობელმა ”კვირის პალიტრას”.

”ახალი თაობა” ამ თემაზე რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს. ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი პოლიტიკოსების მოწყობილიაო”, - უთხრა გაზეთს მამუკა არეშიძემ, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, ხომ არ არის ეს წიგნი სპეციალურად გამოცემული, რათა დაპირისპირება გამოიწვიოს. ”ინციდენტი, რა თქმა უნდა ინსპირირებული იყო”, - ამბობს მამუკა არეშიძე და იქვე ხსნის:

”გონიერი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც კონფლიქტის გამოწვევა სურთ, ხშირად ამას ისე აკეთებს, რომ დაპირისპირებული მხარეები ვერაფერს ხვდებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ კონფლიქტი უფრო ღრმაა, ვიდრე ის, რომ ერთი ჯგუფი მეორეს დაესხა თავს და პირიქით.“ - მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს ”ახალ თაობაში“ წაიკითხავთ.”

დაძაბულობის გაზრდის საფრთხეზე ლაპარაკობს ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოსო ცისკარიშვილიც.

”ეს დაპირისპირებაა არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ზოგადად მსოფლმხედველობრივად დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და ის უფრო გაღვივებისკენ მიდის, ვიდრე დამშვიდებისკენო”, - უთხრა ცისკარიშვილმა ”მთელ კვირას”.

აქვე წაიკითხავთ ინტერვიუს ”ბარიერის” წამყვან ნინო ჯანგირაშვილთან, რომელიც ამბობს:

”მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და მათ დაუსჯელობის განცდა არ უნდა ჰქონდეთ, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ სამაგალითოდ დაისაჯონ.”

ბოლოს ”კვირის ქრონიკაც” ვახსენოთ, რომელიც, ფაქტობრივად, ნახევარ გაზეთს ამ თემას უძღვნის. აქ წაიკითხავთ ინტერვიუს სკანდალური წიგნის ავტორთან, ირაკლი დეისაძესთან, რომელიც ამბობს, გარიდებული ვარ, ახლა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ყოველდღიურად ვიცვლი ადგილსამყოფელსო. თუმცა იქვე წერს, რომ სკანდალმა მას პოპულარობაც მოუტანა:

”მწერენ ფეისბუკზე, ჩვენი კერპი ხარო. მეპატიჟებიან შეხვედრებზე, ორგიებზე და მე ეს ყველაფერი მსიამოვნებსო”, - უთხრა ირაკლი დეისაძემ ”კვირის ქრონიკას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG