Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითიმ საკონდიტრო ყაყაჩო აკრძალა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო საკონდიტრო ყაყაჩოს ნარკოტიკულ ნივთიერებებთან გათანაბრებისა და მისი შემოტანისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ. აკრძალვის მიუხედავად, ცხინვალში ნარკომანთა რაოდენობა არ შემცირებულა.

საგანგებო თათბირზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ შინაგან საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ გააფრთხილა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. როგორც თავად კოკოითიმ აღნიშნა, ხშირად სამართალდამცავები არიან შემჩნეულნი ნარკოტიკების მოხმარებაში ან ნარკორეალიზატორების მფარველობაში.

გარდა ამისა, კოკოითის თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდობის ერთი ნაწილი თუ ნარკოტიკების მომხმარებელია, მეორე ნაწილი ალკოჰოლიზმით არის დაავადებული და ხშირად ცხინვალის ქუჩებში ავტორბოლებს აწყობენ, რითაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. კოკოითიმ შინაგან საქმეთა მინისტრს აფთიაქების შემოწმებაც მოსთხოვა და ქსელიდან პრეპარატ ტრამალის ამოღება დაავალა.

ნარკოტიკული ხმაური ცხინვალში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაშინ კოკოითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნარკორეალიზატორების მფარველობაში, რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები კი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანაში დაადანაშაულა და მათ გაძევებით დაემუქრა.

კოკოითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობა გამოუცხადა და საქმეში უშიშროების სამსახური ჩართო. იგი კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა და უზენაესი სასამართლოს მუშაობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ მან არაერთი მომხმარებელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ქართველი ესპერტების აზრით, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი არ არის და ომამდეც არსებობდა. ბოლო წლების განმავლობაში ცხინვალი ნარკოტრანზიტის დერეფნად იქცა. ადგილზე მისი მასშტაბების ზრდა კი, პირველ რიგში, უმუშევრობას უკავშირდება. დაბალი ხელფასის გამო ოსური ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ნარკორეალიზატორების მფარველები გახდნენ.

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით კოკოითი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსაც ჩასვამს ციხეში. გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, კანონმდებლობის გამკაცრება ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან ნარკომომხმარებლებს და რეალიზატორებს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მფარველობენ.

აგვისტოს ომამდე ქართული და ოსური კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ცხინვალის გავლით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხვდებოდა. გორის რაიონში ყველამ იცოდა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე და კოკოითის მიერ კონტროლირებულ სოფელ არცევში ნარკოტიკის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ სოფელში ქართველი ნარკომანები წამლის სანაცვლოდ ხშირად მანქანებს ტოვებდნენ. ამ მანქანების დიდი ნაწილი გატაცებული იყო. ომის შემდეგ ცხინვალთან მისასვლელი გზები და შესაბამისად, ნარკოტიკული მარშრუტებიც ჩაიკეტა, ამიტომ რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში შესული ნარკოტიკი ადგილზე რჩება და დაბალი ფასის გამო იგი ბევრისთვის ხელმისაწვდომია.
XS
SM
MD
LG