Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანების პრობლემები და წინასაარჩევნო კამპანია


მესტიის ცენტრი
მესტიის ცენტრი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე მესტიელები ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების შესახებ არაფერი იციან, გამონაკლისი კი ”ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც რეგიონში მეტ-ნაკლებად აქტიურ კამპანიას ეწევა.

სვანი ამომრჩევლის უმრავლესობამ არ იცის, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და ვის და რატომ ირჩევს. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ 30 მაისს კენჭისყრაზე მაინც მივლენ.

”ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავის ვიცნობთ. ესენიც გვპირდებიან და დაპირებად რჩება ყველაფერი. მივალ არჩევნებზე, მაგრამ ჩემი მხრიდან ამ მთავრობას ეს არ ეკუთვნის, რადგან ცხრა შვილის დედა ვარ და არანაირი დახმარება არ მეძლევა. მხოლოდ პენსიაზე ვარ. როგორ უნდა ვიცხოვროთ?” - ამბობენ სვანები.

მესტიის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეებს ხელისუფლებისადმი ნდობა დაეკარგათ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მიუხედავად დაპირებებისა, დღემდე არავის დაუსაქმებია უმუშევარი. არადა, მესტიაში შენობების უმრავლესობა ხარაჩოებშია მოქცეული და მშენებლობები მიმდინარეობს.

რესპონდენტები ამბობენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი მუშახელია დასაქმებული.

”მშენებლობები მიმდინარეობს, არც აქ და არც გზებზე სვანები არ არიან დასაქმებული. თავიანთი ხალხი ჩამოიყვანეს და როგორ დავსაქმდეთ. მესტიაში ახალგაზრდები და კაცები, რომლებსაც ფიზიკურად მუშაობა შეუძლიათ, ყველა უმუშევარია. კი გვპირდებოდნენ დაგასაქმებთო, მაგრამ სად არის სამუშაო ადგილები?” - კითხულობენ მესტიელი მამაკაცები.

მესტიელი ნოდარ ჯაფარიძე, რომელიც საკუთარი მიკროავტობუსით ორ სოფელს ემსახურება, ამბობს, რომ სვანეთში არ არსებობს ორგანო, სადაც მოქალაქე მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას.

”სახლში იატაკი და ჭერი მაქვს გამოსაცვლელი. ხის მასალა მჭირდება. ეს რომ შევიძინო, ჯერ ფოთში უნდა წავიდე ცნობაზე, შემდეგ კი წალენჯიხაში. იცით რამდენი ხარჯია?! ჯერ მარშრუტკას უნდა 50 ლარი, მერე ღამის თევა, საჭმელი, ასე დღეები გადის და მინიმუმ 300 ლარამდე გვიჯდება მხოლოდ ცნობის აღება. დაგვიბრუნონ რაიონული ცენტრი და ცნობები ადგილზე გასცენ, ასე როგორ შეიძლება!” - აცხადებს ნოდარ ჯაფარიძე.

მიუხედავად პესიმისტური განწყობისა, როგორც მესტიელი ამომრჩევლები ამბობენ, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პრობლემების მოგვარების იმედით მივლენ.
XS
SM
MD
LG