Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამყვანი ბირთვული სახელმწიფოები მხარს უჭერენ ირანის წინააღმდეგ სანქციების პროექტს


სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრი შეთანხმდა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის დაწესებას ითვალისწინებს. დღის ბოლოს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს დაეგზავნება შეთანხმების ტექსტი.

დეტალები ახალი სანქციებისა, რომელთა მთავარი სამიზნეც ირანის რევოლუციური გვარდიაა, ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა.

რეზოლუციაში ჩამოთვლილია ზომები როგორც რევოლუციური გვარდიის, ასევე ირანის სამხედრო, საფინანსო და სანაოსნო ინდუსტრიის წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღისა და ურანის გამდიდრების სამუშაოებთან.

დოკუმენტის თანახმად, იკრძალება ირანისათვის ზოგიერთი სახის მძიმე შეიარაღების - შეტევითი შვეულმფრენების, საბრძოლო ტანკებისა და გემების - მიყიდვა. რეზოლუცია ცდილობს შეზღუდოს ირანის აქტიურობა, განავითაროს ბირთვული იარაღის გადასატანად საჭირო ბალისტიკური სარაკეტო პოტენციალი.

„ შეთამხმებას ამ ძლიერ პროექტზე მივაღწიეთ რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობით. ჩვენ ვაპირებთ რეზოლუციის პროექტი დღესვე დავუგზავნოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სრულ შემადგენლობას,“ თქვა კლინტონმა.

თეთრმა სახლმა თითქმის ერთი წელი მოანდომა იმას, რომ დაერწმუნებინა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, შეერთებოდნენ ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ვალდებულია, პატივი სცეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ვალდებულებებს. რუსეთი და ჩინეთი, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ ირანთან, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ სანქციებს და მხოლოდ ბოლო დროს გამოხატეს თანხმობა შეერთებოდნენ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს მოხდეს ირანზე პრევენტიული ზემოქმედება, ვიდრე ბირთვულ იარაღს შექმნიდეს. ჰილარი კლინტონი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შემობრუნებას საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ინტენსიური ძალისხმევა და თანამშრომლობა ყველა მათგანთან, მათ შორის ჩვენს პარტნიორ რუსეთთან, რომელიც გასულ წელს სტარტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩაერთო, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვგეგმავთ ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პროექტი წარვუდგინოთ მთელ უშიშროების საბჭოს, რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით, და ვიმედოვნებთ, ისინი მხარს დაუჭერენ დოკუმენტის აღნიშნულ რედაქციას.“

ამის პასუხად, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განმარტა, რომ ვიდრე რუსეთი შეუერთდებოდა რეზოლუციის განხილვას, იგი შემუშავდა შეერთებული შტატების და არა რუსეთის ინიციატივით. ჩურკინმა იმედისმომცემი უწოდა თურქეთ-ირანს შორის ბირთვული საწვავის გაცვლის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, დაბალგამდიდრებული ურანის ძირითადი მარაგი გადაიტვირთება თურქეთში მისი შემდგომი გამდიდრებისათვის.

ჰილარი კლინტონის განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმდა ბრაზილიისა და თურქეთის შუამავლობით შემუშავებულ ბირთვული საწვავის გაცვლის გარიგებაზე, რითაც სურს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სადამსჯელო სანქციები. თუმცა ჩინეთის წარმომადგენელმა გაეროში ლი ბაოდონგმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს ორმაგ მიდგომას - ირანზე ზეწოლასაც და მის ჩართულობასაც - და დასძინა, რომ მიესალმება ბირთვული საწვავის გაცვლის თაობაზე თურქეთ-ირანის შეთანხმებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG