Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი გადადგა


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი დენის ბლერი
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი დენის ბლერი
აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების მაღალჩინოსანი, კოორდინატორი დენის ბლერი, თანამდებობიდან გადადგა გავრცელებული კრიტიკის ფონზე, რომ სადაზვერვო სააგენტოები სათანადოდ ვერ უშლიან ხელს ტერორისტებს აშშ-ში ძალადობის დაგეგმვის პროცესში. საუბარია, მაგალითად, შობა დღეს თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაზე ან ნიუ-იორკის ტაიმს სკვერში 1 მაისს დანაღმული მანქანის აღმოჩენაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ბლერს სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნდობაც სწორედ ამის გამო დაკარგა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დენის ბლერმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ის ყველაზე მაღალი რანგის პირია, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უშიშროების გუნდს ტოვებს.

ეროვნული დაზვერვის სამსახური 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ შეიქმნა. სამსახურის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ის 16 სადაზვერვო სააგენტოს აერთიანებს.

ბლერმა ამ თანამდებობაზე 16 თვე გაატარა და ეს პერიოდი გამოირჩეოდა დაზვერვის სფეროს მუშაკების რამდენიმე წარუმატებლობით და ცნობებით ბლერის დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა სააგენტოს შორის კონფლიქტის თაობაზე.
ბლერი მწვავედ გააკრიტიკეს დეკემბერში, როცა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ამერიკული თვითმფრინავის აფეთქება სცადა.

მის დაქვემდებარებაში მყოფი 16 სააგენტოდან რამდენიმეს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მათ ნოემბერში ტეხასში, ფორტ ჰუდის ბაზაზე მომხდარ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული ინფორმაცია სათანადო უწყებებს არ გაუზიარეს. ფორტ ჰუდში ამერიკული ჯარის მუსულმანმა ოფიცერმა და ფსიქიატრმა ცეცხლი გახსნა, 13 ადამიანი მოკლა და 30 დაჭრა.

კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ბლერი გააკრიტიკეს, მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა, როცა ნიუ-იორკის ტაიმს სკვერზე პაკისტანური წარმოშობის შეერთებული შტატების მოქალაქემ დანაღმული მანქანა გააჩერა.

თუმცა უთანხმოების ცენტრში ბლერი კიდევ სხვა გარემოებების შედეგად აღმოჩნდა, კერძოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ლეონ პანეტასთან კონფლიქტის გამო და კიდევ იმ საჯარო განცხადებისთვის, რომლითაც ის შობა დღეს თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის შემდეგ გამოვიდა.

პანეტასთან ბლერის დაპირისპირება 2009 წლის მაისში გამოვლინდა და უცხოეთში შეგროვებულ ინფორმაციას ეხებოდა. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ბლერი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებზე დაყრდნობის ნაცვლად, შეერთებული შტატების საელჩოებში შეეცადა პირადი წარმომადგენლების შერჩევას.

ბლერმა ამ მიზნის - უცხოეთში თავისი წარმომადგენლების შერჩევის - შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც პანეტამ საპასუხო ცნობა შეაგება და განაცხადა, რომ ამ სფეროში კვლავაც მისი სააგენტოს მუშაკები მოქმედებდნენ. პანეტას ეს ნაბიჯი ბევრმა დაუმორჩილებლობად და ბლერის პოზიციების შელახვად აღიქვა.

უთანხმოების პროცესში ბლერმა დაკარგა კონტრდაზვერვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის ჯონ ბრენანის მხარდაჭერა.

შობა დღეს თვითმფრინავის აფეთქების მცდელობის შემდეგ სენატის სადაზვერვო კომიტეტმა დაადგინა, რომ კონტრტერორიზმის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია უნდა შეეჯერებინა და არ უნდა დაეშვა პოტენციური თავდამსხმელის თვითმფრინავში ჩაჯდომა. ამ ცენტრის ხელმძღვანელი ბლერი იყო.

მოგვიანებით, კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ბლერმა თავადაც აღიარა, რომ სადაზვერვო სააგენტოებისთვის სულ უფრო რთული ხდება პოტენციური ტერორისტების ამოცნობა:

„შარშან გახშირებული წარმატებული თუ წარუმატებელი თავდასხმების დროს დავინახეთ, რომ ცალკეული ტერორისტების - მცირე, ახლად შექმნილი და თავდასხმების მარტივი მეთოდებით მოქმედი ჯგუფების - ამოცნობა ბევრად უფრო რთული ამოცანაა. ჩვენ მრავალგანზომილებიანი, დინამიკური თავდაცვა გვჭირდება, რომელსაც კარგი სადაზვერვო მონაცემები გაამყარებს.“

ბლერის რეპუტაცია განსაკუთრებით იმის აღიარებამ დააზარალა, რომ ელიტური, მაღალი მნიშვნელობის დაკითხვის ჯგუფი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილის დასაკითხად არ ყოფილა მივლენილი.

გავრცელებული ცნობებით, ბლერის გადადგომა გარდაუვალი გახდა 20 მარტს პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ოფიციალურმა პირებმა თქვეს, შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ბლერი პრეზიდენტის ნდობით აღარ სარგებლობდა.
ოფიციალურად ბლერი თანამდებობიდან პარასკევს, 28 მაისს, გათავისუფლდება. სანამ სენატი ახალ კანდიდატურას დაამტკიცებდეს, მას დროებით მისი მოადგილე დევიდ გომპერტი შეცვლის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG