Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქარელის ცენტრში ისროდა


ემზარ გელაშვილი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი
ემზარ გელაშვილი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი
საქართველოს პარლამენტის ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ემზარ გელაშვილმა შაბათს საღამოს ქარელის ცენტრში იარაღიდან გაისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კონფლიქტი მოუვიდა სააქციო საზოგადოება „ქარელიგაზის“ დირექტორის მოადგილესთან სპარტაკ ჩოჩიშვილთან და მისი მიმართულებით სამჯერ გაისროლა. სროლის ფაქტს ქარელის ცენტრში მაცხოვრებლები ადასტურებენ.

გელაშვილისა და ჩოჩიშვილის დაპირისპირების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მათი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის დაკომპლექტებამ გამოიწვია. ჩოჩიშვილი თავად კენჭს არ იყრის, მაგრამ, როგორც ამბობენ, გელაშვილის უკითხავად მისი მეგობრები შეიყვანეს სიაში.

მეორე ვერსიით, მათი დაპირისპირება უბრალო შელაპარაკებას მოჰყვა. მომხდარი ჩხუბის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც ალიანსის ქარელის ორგანიზაციის ლიდერს სოსო საზანდრიშვილს აქვს. მან რადიო თავისუფლებას ხალხში გავრცელებული ხმების შესახებ უამბო.

ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში სპარტაკ ჩოჩიშვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი მისთვისაც უცნობია. თუმცა ადასტურებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი მისი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ააცილა.

ჩოჩიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მისული იყო, მაგრამ უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება. არც ადგილობრივ და არც სამხარეო პოლიციაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არც დეპუტატი გელაშვილი აკეთებს. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ემზარ გელაშვილი პარლამენტში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრია. პარლამენტში არჩევამდე იგი, ქარელის რაიონის გამგებლის მოადგილე, შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი, ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონური სამმართველოს უფროსი იყო.

ემზარ გელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კადრად ითვლება. გელაშვილის სახელი კიდევ ერთ ინციდენტს უკავშირდება - 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დროს მას ოპოზიცია კობა დავითაშვილის გატაცებაში და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა. მაშინ ნაცემი დავითაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს.
XS
SM
MD
LG