Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თრიალეთში” წინასაარჩევნო დებატები გაიმართა


ტელედებატები ტელეკომპანია ”თრიალეთში”
ტელედებატები ტელეკომპანია ”თრიალეთში”
ტელეკომპანია ”თრიალეთში” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების ლიდერებს შორის ტელედებატები გაიმართა. 2 საათის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატების, ეროვნული საბჭოსა და ალიანსის წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ საარჩევნო პროგრამებს აცნობდნენ.

გადაცემის დასაწყისშივე ალიანსის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ ხელისუფლება და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ალიანსის კანდიდატებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქმის კურსში შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩააყენა და ახლა მისგან ელის რეაგირებას. ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ მისთვის ასეთი ფაქტები უცნობია.

ყველაზე ცხარე დისკუსია წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობის შესახებ გაიმართა. დავით რაზმაძის მტკიცებით, საკრებულო მთლიანად იყო დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და გუბერნატორის სურვილებზე, რაშიც მას ნაციონალების პირველი ნომერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე არ დაეთანხმა.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი მიიჩნევს, რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მას პროგრამის წარდგენის საშუალება სრულად არ მიეცა.

ტელეკომპანიის სტუდიაში პარტიების მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ნაწილში მათ კანდიდატებს კითხვები დაუსვეს. ჟურნალისტ არინა თავაქარაშვილის აზრით, კანდიდატებმა ვერ შეძლეს პროგრამის ლაკონურად ჩამოყალიბება.

გადაცემის მსვლელობისას ინტერაქტიური გამოკითხვა მიმდინარეობდა. მისი შედეგების მიხედვით 238 გორელი არჩევნებზე წასვლას აპირებს, 220 - უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე. ეს მაჩვენებელი პოლიტიკოსებმა საგანგაშოდ შეაფასეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს ყველას.

წინასაარჩევნო დებატები ადგილობრივ ტელეკომპანიაში ფონდ ინტერნიუსისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით გაიმართა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ ტელევიზიებში 30 მაისამდე სულ 15 ტელედებატი ჩატარდება.
XS
SM
MD
LG