Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანში მოქალაქემ სხვისი პირადობის მოწმობით მისცა ხმა. მსგავსი მცდელობა ჰქონდა კიდევ ორ პირს, რაც დამკვირვებლების ჩარევის შედეგად აღიკვეთა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობითვე, ბათუმის მე-16 უბანში სამ ამომრჩეველს სიაში საკუთარი გვარების გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ. ორგანიზაცია ადასტურებს, რომ თბილისის ხუთ ოლქსა და ქუთაისის და ბათუმის ოლქების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ. ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ბათუმის 79-ე ოლქის 62-ე უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენის გატანაც, საარჩევნო კომისიის წევრები კი, საია-ს დამკვირვებლებს პრობლემებს უქმნიან, ემუქრებიან და სარეგისტრაციო მაგიდებთან მიახლოებას უკრძალავენ. ხიდაშელის ცნობით, ჩუღურეთის ორ ოლქში უბნის ტერიტორიაზე პოლიციელი იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით უბნის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირის ყოფნა აკრძალულია. ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საერთო ჯამში საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG