Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელ-თურქეთის ურთიერთობას წყალი შეუდგა


ცოტა ხნის წინ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად დათბა, რომ დიპლომატები მას სტრატეგიულსაც კი უწოდებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელი ღაზის სექტორისაკენ მიმავალ თურქულ ჰუმანიტარულ გემებს თავს დაესხა, ორი ქვეყნის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა და, შესაძლოა, საბოლოოდაც.

თურქეთმა „მშვიდობის ქარავანზე“ შტურმს „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა, დემონსტრანტები კი სტამბულში რამდენჯერმე შეეცადნენ ისრაელის საკონსულოს შენობაზე იერიში მიეტანათ. მანამდე თურქეთმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მოქმედება ღაზის სექტორში, გასულ წელს კი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა დავოსის ფორუმიც კი დატოვა ისრაელის პრეზიდენტ სიმო პერესთან მძაფრი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. ამჯერად ამას დაემატა 30 მაისის ინციდენტი, როდესაც ისრაელის სამხედრო პატრულმა იარაღის გამოყენებით სცადა იმ სამშვიდობო ფლოტილიის შეჩერება, რომელიც ცდილობდა ჰუმანიტარული ტვირთი შეეტანა ბლოკადაში მოქცეული ღაზის სექტორისათვის. მენსურ აკღუნის - თურქეთის ეკონომიკური და სოციალური სწავლების ფონდში საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამების დირექტორის - თქმით, ეს ინციდენტი შემდგომში თურქეთის საგარეო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის:

„ ეს გაცილებით უფრო არსებითია. ისრაელ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობისათვის მას უფრო შორსმიმავალი შედეგი ექნება და თურქეთის საგარეო პოლიტიკა ახალ სახეს მიიღებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეაქცია იქნება ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან ეროვნული უსაფრთხოების შიგნით.“

შაბათს, თავდასხმის შედეგად, 10 აქტივისტი დაიღუპა - ყველა პალესტინელი. თუმცა გემებზე მყოფი 600 აქტივისტიდან 400 თურქეთის მოქალაქე იყო. თურქეთის მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელმძღვანელობას არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო და უმოქმედობაში დაუდანაშაულებია მსოფლიო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ, რომელიც მეზობლებთან ურთიერთობაში „ნულოვანი პრობლემების“ პოლიტიკას ემხრობა, კვლავ განაცხადა, რომ თურქეთს არ სურდა არანაირი ინციდენტი და რომ გემები ღაზაში მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით მიცურავდნენ. ისრაელი კი აცხადებს, ჯერ ჩვენს ჯარისკაცებს ესროლეს, დანებით და ნაჯახებით დახვდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეს მათ დამხვდურებს სროლითო.

სელიმ ინელი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადასტურებს, ვიცოდით, რომ ისრაელი წინააღმდეგი იყო გემების ღაზაში შესვლისო, მაგრამ იმასაც ამბობს, ისრაელმა პრევენციის უარესი მეთოდი გამოიყენაო:

„ისრაელმა გვითხრა, რომ არ სურდა ეს და რომ აუცილებელ ზომებს მიიღებდა, მაგრამ, ეს ხომ იყო გემი, რომელსაც მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა... ცხადია, თურქეთს შეიძლება არ ჰქონდა სურვილი, გემი რომელიმე პორტში შესულიყო, მაგრამ ხომ არსებობს ბევრი სხვა გზა პრევენციისა, რომელიც ძალის გამოყენებას არ გულისხმობს.“
თურქი დიპლომატები ამბობენ, რომ ურთიერთობის გაუარესება ეს არის ისრაელის ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მკაცრი კურსის“ საგარეო საქმეთა მინისტრის ავიდგორ ლიბერმანის უკომპრომისო მიდგომის შედეგი. თურქი მკვლევარის მენსურ აკღუნის თქმით, „მავი მარმარის“ - „თავისუფლების ფლოტილიის“ - გემებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

„ასეთ საკითხებში ხელისუფლებას არ შეუძლია საზოგადოების აზრის იგნორირება. ძნელად წარმოსადგენია, რომ თურქებმა დაივიწყონ ის, რაც „მავი მარმარის“ შემთხვევაში მოხდა.“

საზოგადოების განწყობის ძალა კარგად გამოჩნდა 31 მაისს, როდესაც ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე შეიკრიბა სტამბულში ისრაელის საკონსულოს შენობასთან. ისრაელის საწინააღმდეგო მსგავსი გამოსვლები თურქეთში იყო შარშან, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დროს. ამ ემოციებზე პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა მაშინ ითამაშა გასულ იანვარში დავოსში გამართული თავისი ჰეროიკული ვიზიტით, საიდანაც დაბრუნებულს მრავალათასიანი ბრბო ისე მიესალმა, როგორც გმირს ათათურქის აეროპორტში.

გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ წელს თურქეთში საყოველთაო არჩევნები იმართება, იზრდება ცთუნება, რომ ისრაელთან მტრული დამოკიდებულება კიდევ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული ამომრჩეველთა ხმების მისაღებად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG