Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს აფხაზური ადმინისტრაციის რწმუნებული


საგუშაგო გალის რაიონში
საგუშაგო გალის რაიონში
ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი კაცია მოკლეს. სააგენტო აფსნიპრესი გალის აფხაზურ მილიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ გალისკენ მიმავალი კაციას ავტომანქანა სოფლებს რეფსა და პრიმორსკოეს შორის დაცხრილეს. მძიმედ დაჭრილი დიმიტრი კაცია ადგილზე გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ აფსნიპრესს განუცხადა, რომ კაციას ავტომანქანას სავარაუდოდ, სამი ადამიანი ესროდა. მისივე ცნობით, შემთხვევის ადგილას მილიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების 14 მასრა აღმოაჩინა. ხეციას განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეს გალის პროკურატურა იძიებს, დამნაშავეთა ვინაობის დადგენის და მოძიების მიზნით კი, სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიმართავენ.

ვიდრე აფხაზი სამართალდამცავები დამნაშავეს ეძებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კაციას მკვლელობაში ბრალი რუს სამხედროებს ედაბათ, რადგან დაპირისპირება მოხდა სწორედ მათ შორის და მიზეზი გალის რაიონის მოსახლეობისგან იძულებით მიღებული თანხის განაწილება იყო.

”დიმიტრი კაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ომის გმირის წოდება მიანიჭა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას რეფელმა რესპონდენტმა, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა. მან სატელეფონო საუბარში კაციას ლიკვიდაცია დაადასტურა და გვითხრა, რომ ის, სავარაუდოდ, რუს სამხედროებთან დაპირისპირებას შეეწირა.

მიმდინარე კვირაში გალის რაიონში ეს რიგით მეორე მკვლელობაა. 2 ივნისს სოფელ საბერიოსკენ მიმავალი აფხაზი მებაჟეების ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ორი აფხაზი მებაჟე. აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ბოლო დროს რუსებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ძალთა გადანაწილების მიზნით ხშირია.
XS
SM
MD
LG