Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება გორის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია?


ქალაქ გორის ცენტრალური მოედანი
ქალაქ გორის ცენტრალური მოედანი
დაახლოებით ერთ თვეში გორის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 31-კაციან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 28 დეპუტატი ჰყავს. თითო-თითო კაცით იქნებიან წარმოდგენილნი ქრისტიან-დემოკრატები, ალიანსი საქართველოსთვის, მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები. შეიქმნება თუ არა ახალ საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია? როგორც ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი ამბობს, ამისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყო.

ფრაქციის შესაქმნელად 3 დეპუტატია საჭირო. ამიტომ, თუ ქრისტიან-დემოკრატებისა და ალიანსის წარმომადგენლები შეთანხმდებიან, მათ კიდევ ერთი კაცის მიმხრობა დასჭირდებათ, ეს კი ან მრეწველების ან თორთლაძე- დემოკრატების წარმომადგენელი უნდა იყოს. კრივში დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ შოშიაშვილმა ტინისხიდის მაჟორიტარული ოლქი თორთლაძის პარტიის სახელით მოიგო. მისი განცხადებით, საკრებულოში ნოკაუტის პოლიტიკას არ გამოიყენებს და ქალაქის საკეთილდღეოდ ყველასთან ითანამშრომლებს.

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი ალიანსის წარმომადგენელი საკრებულოში დავით რაზმაძე. მას არ სჯერა რომ თორთლაძის და მრეწველების წარმომადგენლები ოპოზიციურად არიან განწყობილნი.

წინა მოწვევის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა ოპოზიციური ფრაქცია შექმნეს, ისინი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ და სხდომებს ხშირად პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზვიად ხმალაძე ახალ საკრებულოში მოხვედრილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საკრებულოს პირველი სხდომა ერთ თვეში გაიმართება, მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ზვიად ხმალაძეს დაასახელებს, რომელიც ხმათა უმრავლესობას უპრობლემოდ მიიღებს. პირველივე სხდომაზე გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკრებულოში ფრაქციის შექმნას.
XS
SM
MD
LG