Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვა ახალგორის რუსულ საგუშაგოზე


ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
სულ მალე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ახალგორის მონაკვეთზე გადაადგილების ახალი რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ. მათი თქმით, რუსულ საგუშაგოზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს გაატარებენ, რომლებიც ახალგორში არიან ჩაწერილი. რას უკავშირდება აღნიშნული ცვლილება და რატომ მკაცრდება ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მექანიზმი?
გაზეთ „რეზონანსის“ კორესპონდენტმა მარი ოთარაშვილმა ახალგორის რაიონი გასულ უქმეებზე მოიარა. ელაპარაკა როგორც სამხედროებს, ასევე რაიონის ქართულ მოსახლეობას. ჟურნალისტის თქმით, ახალგორელთა ის ნაწილი, რომელიც ვერ შეელია მშობლიურ კერას, იძულებულია ბედს შეურიგდეს და დაემორჩილოს ახალ ადმინისტრაციას, თუმცა, მარი ოთარაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველების ყოფა გაუსაძლისი ნამდვილად არაა:

„რომ არა სამხედროები ეგრეთ წოდებულ საზღვარზე და ოსური მილიცია, რომელიც ხშირად პატრულირებს რაიონის ქუჩებში, იფიქრებ, რომ საერთოდ არ არის ეს რეგიონი ოკუპირებული, ისეთი სიწყნარეა.“

სიწყნარის მიუხედავად, რაიონის მოსახლეობა გარკვეულ დისკომფორტს მაინც განიცდის: გარკვეულწილად გართულებულია რაიონის ტერიტორიაზე შესვლა და მისი დატოვება. ახალგორის რაიონის მკვიდრის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ბოლო დრომდე ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შემდეგი სახის რეჟიმი მოქმედებდა:

„საჭირო იყო პირადობის მოწმობის რუსული თარგმანი. ასევე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახალგორში არ იყვნენ ჩაწერილი, ითხოვდნენ საბუთს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახალგორში უძრავ ქონებას ფლობდნენ, ანუ სტუმრად მიდიოდნენ ახლო ნათესავთან.“

თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამგვარი ვითარება იყო გასულ უქმეებზეც, თუმცა რუსი სამხედროები უკვე აფრთხილებენ ადგილობრივებს, რომ სულ მალე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა მხოლოდ ახალგორში ჩაწერილ მოსახლეობას შეეძლება. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამგვარი ცვლილება ძალაში 14 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება არ შეცვლილა და ყველა ეს განცხადება ნერვების მოშლის მიზნით კეთდებოდა.

თუმცა,ნერვების მოშლის პარალელურად, თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას მაინც აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც გარკვეული ქმედებების გატარებასაც ითვალისწინებს.

მაინც რა სახის გამკაცრებასა და ცვლილებაზეა ლაპარაკი? გაზეთ „რეზონანსის“ კორესპონდენტი მარი ოთარაშვილი ახალგორის რაიონს გასულ უქმეებზე სტუმრობდა.

„გეგმაში აქვთ გადასახადის დაწესება. საუბარია 250 რუბლზე, რომლის გადახდა მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახალგორში არ არიან ჩაწერილი. ეს არის დაახლოებით 14 ლარი. ოსური მხარე ამბობს, რომ ასეთი რეჟიმი მოქმედებს გალის რაიონის საზღვართან და ასე უნდა იყოს ჩვენთანაცო“, უთხრა მარი ოთარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებში არ შედის, ეს ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდის მსვლელობისასაც გამოჩნდა. ცხინვალის მხარემ საზღვრის გადაკვეთის მექანიზმზე დისკუსიის დაწყებაც კი არ ისურვა. „ჩვენ ვამზადებთ კანონს სახელმწიფო საზღვრის შესახებ და ყველა აუცილებელი დეტალი მასში აისახებაო“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG