Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას თქმით, საქართველოს საკითხში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავინდებურად უთანხმოებაა


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს
ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს
ბარაკ ობამას განცხადებით, საქართველო იმ საკითხებს შორის არის, რომლებშიც აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოება არსებობს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში მიიღო თავისი რუსი კოლეგა დმიტრი მედვედევი, რის შემდეგაც ის შეაქო, როგორც „სოლიდური“ და „სანდო“ პარტნიორი.

მაგრამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობს უთანხმოების გამომწვევი საკითხებიც, როგორიც არის ვითარება საქართველოში. „ჩვენს ორ ქვეყანას შორის კვლავინდებურად არსებობს უთანხმოება გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოზე“, - აღნიშნა ობამამ, - „და ამ უთანხმოებებზე გულახდილად ვისაუბრეთ. მაგრამ იმ სფეროებში წინსვლით, რომლებშიც ვთანხმდებით, შევძელით ურთიერთობის გადატვირთვა, რაც ხელს უწყობს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.“

ობამას თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ კოორდინაციას გაუწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას ყირგიზეთისთვის, სადაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლოდროინდელმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი დააჩქარებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისკენ მიმართულ დიალოგს. ობამამ და მედვედევმა ისაუბრეს, აგრეთვე, ბიზნესის სფეროში მიღწეულ შეთანხმებებზე, მათ შორის რუსეთის დაკვეთით აშშ-ის კომპანია „ბოინგის“ თვითმფრინავების დამზადების გეგმის შესახებ.
XS
SM
MD
LG