Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო


დღეს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს 12 ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო 09:00 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დამთავრდება.

"ეროვნული ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" საცავებიდან დილის 06:30 საათზე ტესტები საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიტანეს. თითოეულ საგამოცდო ცენტრთან მორიგეობს სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. გახსნილია სამედიცინო პუნქტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2010 წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

გარდა ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდებისა, წელს ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და პირველად ტარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები. სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს პროფესიულ უნარებში ჩატარდება, ხოლო სამაგისტრო გამოცდა 7 და 8 ივლისს არის დაგეგმილი.

გამოცდები ტარდება სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა.
XS
SM
MD
LG