Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ”საქართველოს შეუძლია ორი საქმე ერთად გააკეთოს - არ დანებდეს რუსეთს და განავითაროს დემოკრატია”


ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ხვდება ლიდერ ქალებს
ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ხვდება ლიდერ ქალებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავისი პირველი ვიზიტი საქართველოში ქალებთან შეხვედრით დაიწყო. დემოკრატიის განვითარებაზე, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ამერიკის როლზე ამ ურთიერთობის დარეგულირების საქმეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებზე ჰილარი კლინტონმა ქალებთან ერთ საათზე მეტ ხანს ისაუბრა. კლინტონის შესავალი სიტყვის შემდეგ შეხვედრა თავისუფალი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სიტყვით გამოვიდა ლიდერი ქალების წინაშე
”მე მოხარული ვარ, რომ ვასრულებ ჩემს ევროპულ ტურნეს სწორედ საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. გამოვყოფდი ბოლო ოც წელიწადს. ვფიქრობ, მისი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, პოტენციალი ძალიან დიდია. ცვლილება დღითი დღე შესამჩნევია. ვარდების რევოლუციამდე საქართველო წარუმატებელი ქვეყანა იყო, მას შემდეგ კი ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ქალებმა ისტორია შეცვალეთ - ააშენეთ სამოქალაქო საზოგადოება, შეებრძოლეთ კორუფციას... თუმცა მე ვიცი რა რთული გამოწვევების წინაშე დგახართ ახლა, როდესაც თქვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული და დაპყრობილია, სწორედ ამ ფონზე ცდილობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის ან განათლების სფეროების განვითარებას”...

ასე დაიწყო თავისი შესავალი სიტყვა დაახლოებით ას ორმოცდაათ ქალთან შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. თავის სიტყვაში მან თამარ მეფე და საქართველოს ოქროს ხანაც ახსენა და თქვა, რომ არ არსებობს მიზეზი რატომაც არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ქვეყანას ისევ დაუდგეს ახალი ოქროს ხანა. მისი თქმით, განვითარების ამ პროცესში ქალების როლი გადამწყვეტი იქნება. დემოკრატიაზე საუბრისას კი კლინტონმა თქვა, რომ დემოკრატია გულისხმობს კომპრომისებს:

”მე ხშირად ვფიქრობ ე.წ. ახალ დემოკრატიებზე. ჩვენ სულ ახლახან 234-ედ ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის იუბილე. როდესაც არჩევნები დასრულებულია, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, ის უნდა ეცადოს, გააერთიანოს პოლიტიკური ძალები.მაგალითად, მე მეტად მწვავე ბრძოლა მქონდა პრეზიდენტ ობამასთან. მე დავმარცხდი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მან მე სახელმწიფო მდივნობა შემომთავაზა. მეკითხებოდნენ, როგორ უნდა მეთანამშრომლა პოლიტიკურ ოპონენტთან, რაზეც მე მარტივი პასუხი მაქვს: ჩვენ ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, დემოკრატია კი სწორედ ესაა - მოდის დრო, როდესაც პოლიტიკა ჩერდება და მმართველობა იწყება. სწორედ ასე - მე მწამს საქართველოს წარმატების. ყველაფერი არ არის ბოლომდე გაკეთებული, მაგრამ ის წინსვლა, რაც ეკონომიკაში გაქვთ, რასაც დემოკრატიისათვის ბრძოლაში მიაღწიეთ, ძალიან შთამბეჭდავია. მე კი წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც პატივს გცემთ თქვენ და მინდა გითხრათ, რომ ამერიკის მთავრობაც და ხალხიც თქვენს გვერდით იდგება როგორც პარტნიორები და როგორც მეგობრები, რომ დაგეხმარონ ამ გზის გავლაში.”

ჰილარი კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიის გზაზე დგომა ნიშნავს განუწყვეტლივ ბრძოლას მისი სრულყოფისათვის. საქართველომ, მისი თქმით, ამ მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკა ვერ ხედავს რომელ სფეროებში რჩება პრობლემები:

”ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის სრულყოფა, მედიის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, მაგრამ როგორც თქვენი მეგობრები და პარტნიორები... აქ, ვფიქრობ, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არ უნდა დავივიწყოთ. მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ორივე მხარეს უნდა მოვთხოვოთ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.”

შემდეგ იყო სხვადასხვა შინაარსის, თხოვნის შემცველი შეკითხვები, მოსაზრებები - სხვათა შორის, სრულიად თავისუფალი გრაფიკით. მაგალითად, ჰილარი კლინტონს ჰკითხეს, რამდენად აქვს საფუძველი მოსაზრებას, თითქოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის დარეგულირებას ერთგვარად შეეწირა საქართველოს ინტერესები. აი, რა უპასუხა სახელმწიფო მდივანმა ამ შეკითხვას:

”ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთდროულად ორი საქმე გააკეთოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობა რუსეთთან. ამაზე თავიდან ბევრი ვიფიქრეთ, რა რეაქციებს, გაუგებრობებს გამოიწვევდა ეს ნაბიჯი მსოფლიოში. მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ და შედეგიც არის. მაგალითად, შეთანხმება ბირთვული იარაღის შემცირებაზე. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ქმედებების კრიტიკას - ნომერ პირველი საკითხია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობთ და პარალელურად ვცდილობთ დაგეხმაროთ იმ საფრთხეების თავიდან აცილებაში, რაც რუსეთიდან შეიძლება მოდიოდეს. ამიტომ მე ვწუხვარ, როდესაც ამბობენ, რომ თქვენთან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც დასავლური კურსიდან გადახვევა სურს. არც კი წარმომიდგენია, ქვეყანამ, რომელმაც ამდენი წელი იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს კურსი შეცვალოს. საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებმაც შეიძლება ერთდროულად ორი საქმე აკეთონ - დაიცვან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, წინ აღუდგნენ რუსებს, ოღონდ პროვოკაციების გარეშე, და, პარალელურად, ეცადონ განავითარონ დემოკრატია, ეკონომიკა, რაც ქართველი ხალხისთვის დიდი შანსი იქნება.”

ბოლოს კი იყო შეფასებები. ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილისათვის მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა: ”ქვეყანას, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს, ამერიკა მიეხმარება ჯანდაცვის, განათლების სისტემის დახვეწაში, საარჩევნო სისტემის განვითარებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სამხედრო დახმარების ნაცვლად სოციალურ ასპექტებზე იყო ხაზი გასმული.”

კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელმა ნინო ციხისთავმა, რომელიც შეხვედრაზე ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მაისურით მივიდა, სახელმწიფო მდივანს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის სახელით წერილი გადასცა, რომლითაც სთხოვა ყურადღება დაუთმოს საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესს. ნინო ციხისთავმა მაისურზე გაკეთებული წარწერა რეალურ ცხოვრებაშიც სლოგანად აქცია: ”We can do it - ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია შეცვლა. ის ფაქტი, რომ ჰილარი კლინტონი შეხვდა ქალებს, ადასტურებს იმას, რომ ქალებს შეუძლიათ შეცვალონ ბევრი რამ და მათთან ლაპარაკს მოაქვს შედეგი.”

რესპუბლიკელების ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი კლინტონის ეს გამოსვლა შეაფასა როგორც ერთგვარი საშინაო დავალება ოპოზიციისთვის.

პასუხი საკუთარ კითხვაზე ოდნავ ირიბად, მაგრამ მაინც მიიღო ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმაც: ”ბევრი სკეპტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ საქართველო მეასეხარისხოვან საკითხად იქცა ამერიკისთვის, მაგრამ მე კლინტონის პასუხმა დამარწმუნა, რომ ეს ასე არ არის.”

სულ ბოლოს კი ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ თუ საქართველოს სურს ნატოს წევრობა, თუ საქართველოს სურს დასავლეთის გზით სიარული, ამერიკის შეერთებული შტატები მის ამ მისწრაფებას მხოლოდ მხარს დაუჭერს და დაეხმარება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG